"გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველია ის, რომ "რუსთავი 2" მესამე პირებისგან იმართება"

"რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ მოთხოვნით, სასამართლოს ქიბარ ხალვაშმა 4 ნოემბერს მიმართა.

როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ აღნიშნა, სასამართლომ კანონის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება და ეს სამართლიანი იყო.

"აღნიშნული მოთხოვნით სასსამართლოს 4 ნოემბერს მივმართეთ, იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის გახდა ცნობილი. იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ ტელეკომპანია რეალურად მესამე პირებისგან იმართება და მათ არანაირი კავშირი არ აქვთ სამართლებრივად. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ სასამართლოსთვის მოგვეთხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების უზრუნველყოფა. ეს არ არის დაუყოვნებლივ აღსრულება. ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ჩვენ სასამართლოს მივმართეთ არა დაუყოვნებლივ აღსრულებისთვის, ჩვენ პატივს ვცემთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენი მიზანია, რომ მინიმალურად იყვნენ ჩართული და საერთოდ ავარიდოთ პოლიტიკურ პროცესებს ტელეკომპანია. ეს ცვლილება არანაირად არ ითვალისწინებს ჟურნალისტური საქმიანობის შეფერხებას. ჩვენ ამას თავიდანვე ვაცხადებდით. ისმის არაერთი განცხადება, რომ ამ გადაწყვეტილებით "რუსთავი 2"-ს არ აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესებში, მოგახსენებთ, რომ ჩვენი სარჩელი "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა, შესაბამისად "რუსთავი 2"-ს გასასაჩივრებელი არაფერი აქვს. ეს დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ დავას გავაგრძელებთ თუ არა",- განაცხადა პაატა სალიამ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დარღვევა არ მომხდარა.

"ეს არის ტყუილი და ყველას ვთხოვ, იმ პირებს ვინც აღნიშნულ საკითხზე კომენტარს აკეთებენ, გაითვალისწინონ არსებული გარემოება. ჩვენ ვმოქმედებდით კანონით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში",- აღნიშნა ადვოკატმა.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელევიზიის დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნა, არხის მოქმედ მენეჯმენტს კი, უფლებამოსილება შეუჩერდა.