ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის ხელშეუხებლობის და თავისუფლების მთავარი გარანტი არის საქართველოს კონსტიტუცია .
როგორც გვარამიამ აღნიშნა, დაცვის ფორმები რევაზ საყევარიშვილისგან "რუსთავი 2"-ს არ სჭირდება.
"დაცვის ფორმები "იმედის" წარმატებული მენეჯერის, რევაზ საყევარიშვილისგან ჩვენ არ გვჭირდება. ის ამ კომპანიაში ვერასდროს მოხვდება. შეუძლია მიაკითხოს თავის ალმა მატერს - ტელეკომპანია "იმედს", რომელიც ძალიან დავალებულია მისგან დაბალი რეიტინგით და დაბალი შემოსავლებით. ჩვენ ტელეკომპანიის დატოვებას ჩვენი ნებით არ ვაპირებთ, ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც სურს ქართველ ტელემაყურებელს და როგორც გვაძლევს უფლებას საქართველოს კონსტიტუცია. არავინ არ დგას კონსტიტუციაზე მაღლა. შეიძლება ბიძინა ივანიშვილს ეგონოს, რომ ის და ურთმელიძე კონსტიტუციაზე მაღლა დგანან, მაგრამ ურთმელიძის დედის ნაჯახით მოსულები, ამავე ნაჯახით დაიღუპებიან. საქართველოს კონსტიტუცია არის მთავარი გარანტი ჩვენი ხელშეუხებლობის და ჩვენი თავისუფლების", - განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, დანიშნულია 2 ცენზორი და მათივე თანხმობით, ამ 2 სამარცხვინო ცენზორის სახელი და გვარია დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი. "პირველი არის ამ კომპანიის წარუმატებელი მმართველი, რომლის დროსაც კომპანია იყო ღატაკი, რომლის დროსაც კომპანია შედიოდა სხვადასხვა პოლიტიკურ გარიგებებში ფულის სანაცვლოდ, მათ შორის კონკრეტულად ამ პირებისთვის გადახდილი ფულის სანაცვლოდ, მათ შორის ასლან აბაშიძესთან გარიგებაზეა საუბარი. ეს პირველი, დავით დვალს ვგულისხმობ, როგორც აღმოჩნდა ფული აიღო ქეშად, ჩაიდინა დანაშაული ფულის გათეთრების სახით და ქიბარ ხალვაშიც უნდა დაიკითხოს ამაზე და დვალიც, თუმცა დღემდე ამტკიცებს, რომ არაფერი არ აუღია", - განაცხადა გვარამიამ. მისივე თქმით, რევაზ საყევარიშვილი არის უკვე ციფრებით დადასტურებული მეორე წარუმატებელი კომპანიის წარუმატებელი მმართველი, რომელიც ერთ დროს მის მოსვლამდე იყო წარმატებული ტელეკომპანია და საკუთარი შემოსავლებით ცხოვრობდა.
"რევაზ საყევარიშვილმა მოახერხა ამ ტელეკომპანიის დანგრევა და რეიტინგების თვალსაზრისითაც. დღეს ეს 2 ადამიანი, როგორც სასამართლოს განჩინება ამბობს, მიუკერძოებელი და ნეიტრალური ადამიანი, მოდის რუსთავი 2-ის სამართავად. მიუკერძოებელი არის დავით დვალი, რომელიც თვითონ დავობს რუსთავი 2-ის წილებზე და საჯაროდ არაერთხელ განაცხადა ქიბარ ხალვაშის მხარდაჭერა. მიუკერძოებელი არის როგორც ჩანს რევაზ საყევარიშვილი, რომელიც ჩვენი მთავარი კონკურენტის მენეჯმენტში იმყოფებოდა წლების განმავლობაში. თავს ნუ მოვიტყუებთ, არავითარი ლეგალისტური გარჩევა ამ გადაწყვეტილებას არ სჭირდება. ეს გადაწყვეტილება არის ხელმოწერილი დოკუმენტი ქვეყანაში დიქტატურის დასამყარებლად. ეს არის იშვიათი ისტორიული რარიტეტი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ქარტია, რომელსაც ხელს აწერს მოსამართლე ურთმელიძე. სასამართლო უნდა გამოვიდეს და უნდა თქვას, რომ ეს მოსამართლე არ არის მათი გილდიის წევრი. ეს მოსამართლე არის სიტყვის თავისუფლების მკვლელი. პირველად საქართველოს ისტორიაში ამ საქმეზე წარმოდგენილი ადვოკატებიც კარგავენ სკუთარი გილდიის წევრობის უფლებას", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.