როგორც ბოკერიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, საზოგადოების პროტესტი, რომ არ დაუშვას ანტიკონსტიტუციური ქმედების აღსრულება, უნდა გაგრძელდეს.
"ეს არ არის ურთმელიძის გადაწყვეტილება, ეს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება. ამ ნაბიჯით ივანიშვილმა გვითხრა, რომ გადის საკონსტიტუციო სივრციდან. ეს ძალიან სახიფათო ნაბიჯია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ამას წინ აღვუდგეთ სამართლებრივი გზით და მშვიდობიანი პროტესტის გზით. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა გვაჩვენა, რომ ასე ფეხს დააბიჯებს კონსტიტუციას, მაინც უნდა იქნას ამოწურული ყველა სამართლებრივი გზა. ამის პარალელურად, საზოგადოების წარმომადგენლები აქ დგანან, რომ არ დაუშვან ამ ანტიკონსტიტუციური ქმედების აღსრულება და ეს პროტესტი ქვეყნის შიგნით უნდა გაგრძელდეს. ეს არის ყველა მოქალაქის ვალდებულება", - განაცხადა ბოკერიამ.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით კი, დღეს ე.წ. მოსამართლე ურთმელიძემ ბეჭედდარტყმული განჩინებით დაადასტურა, რომ "რუსთავი 2"-ს სჯიან კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის და თავისუფალი სიტყვის გამო.
"მე იმედი მაქვს საზოგადოების იმ ნაწილისაც, რომელსაც შეიძლება არ მოსწონდეს "რუსთავი 2", არ უყვარდეს ნიკა გვარამია, შეიძლება მაგინებდეს მე, მაგრამ ესმოდეს, რომ აქ ნიკა გვარამიას და ერთი არხის მომავალი კი არა, ჩვენი ქვეყნის მომავალი წყდება, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოება ფეხზე დადგება, იმედი მაქვს, რომ ყველა პატიოსანი მოსამართლე გაემიჯნება ამ სირცხვილს. მე იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მორჩებიან კეკლუცობას და ამ განაჩენის ფონზე გამოვლენ და საკუთარ სათქმელს თამამად იტყვიან. მოვუწოდებ თითოეულ ადამიანს, დავდგეთ ჩვენი მომავლისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაცავად", - აღნიშნა ბაქრაძემ.