"რუსთავი 2" საკონსტიტუციო სასამართლოს ხვალ მორიგი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს

ტელეკომპანია "რუსთავი 2" საკონსტიტუციო სასამართლოს ხვალ მორიგი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს. 
როგორც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, იურისტები მოითხოვენ იმ მუხლის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ 5 ნოემბრის გადაწყვეტილება მიიღო.
"თუ ამ ქვეყანაში ვინმეს რაიმე აქვს შერჩენილი, პარლამენტის თავმჯდომარეზე დიდი ხანია არ მაქვს ეს ილუზია, რადგან რიგითი მარიონეტია სამწუხაროდ. პრეზიდენტის პოზიტიური როლი ნამდვილად იყო, ვნახოთ რას მოიმოქმედებს ის, თუმცა რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი მოწოდება მოსამართლე ურთმელიძისთვის, ეს დავინახეთ. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს არის ერთადერთი ფუნქციონირებადი დემოკრატიული ინსტიტუცია საქართველოში. ჩვენ მას მივმართავთ კიდევ ერთხელ. უკვე გასაჩივრებული გვაქვს რამდენიმე მუხლი და ხვალ დილიდან წარედგინება სასამართლოს ამ მუხლის შესახებ კონსტიტუციური სარჩელი. ძვირფასო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებო, თქვენ უნდა გადაარჩინოთ არა მხოლოდ სასამართლო სისტემა, არამედ ის, რაც ზუსტად ვიცი თქვენთვის მნიშვნელოვანია - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მისი უსაფრთხო მომავალი. ძალინ გთხოვთ, მთელი "რუსთავი 2"-ის სახელით, იმოქმედოთ სწრაფად და ეფექტურად, იმოქმედეთ იმიტომ, რომ გადარჩეს ქვეყანა", - განაცხადა გვარამიამ.