ზაალ უდუმაშვილი - ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წუთამდე, ვიდრე ამის საშუალება გვექნება

ზაალ უდუმაშვილი - ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წუთამდე, ვიდრე ამის საშუალება გვექნება

ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წუთამდე, ბოლო საათამდე, ვიდრე ამის საშუალება გვექნება, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. 
მისი თქმით, მოსამართლე ურთმელიძემ "დედის ნაჩუქარი ნაჯახით მოცელა "რუსთავი 2" და საქართველოს მომავალი". 
"ვერ წარმოვიდგენდი, რომ დედის ნაჩუქარი ნაჯახით ადამიანი აიღებდა და მოცელავდა ყველაზე რეიტინგულ კომპანიას საქართველოში და მოცელავდა საქართველოს მომავალს. ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წუთამდე, ბოლო საათამდე, ვიდრე ამის საშუალება გვექნება, რომ ვიყოთ ეთერში. ჩვენ კიდევ დიდხანს ვაპირებთ აქ მუშაობას", - განაცხადა უდუმაშვილმა. 
მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება არის განაჩენი, რომელიც ხელისუფლებამ გამოუტანა საქართველოს. "მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას და მივუსამძიმრო საქართველოს მოსახლეობას ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის გარდაცვალება. დღევანდელი გადაწყვეტილება არის განაჩენი, რომელიც ხელისუფლებამ გამოუტანა საქართველოს. ურთმელიძე დადგა კონსტიტუციაზე მაღლა და ერთი ხელის მოსმით დამარხა სასამართლო - ინსტიტუტი, რომელზეც დგას ქვეყნის დემოკრატია. აქ არ არის საუბარი "რუსთავი 2"-ის მომავალზე. აქ არის საუბარი ქვეყნის მომავალზე. წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში "რუსთავი 2" შეიძლება გაითიშოს. მე ვგულისხმობ იმას, რომ "რუსთავი 2" შეიძლება დაიცალოს ამ ხალხისგან და აქ მოვიდეს სულ სხვა ხალხი, სულ სხვა სარედაქციო პოლიტიკით. ასეთ ქვეყანაში ცხოვრება თუ ვინმეს უნდა, შეუძლია უყუროს "კურიერს", მაგრამ ეს "კურიერი" იქნება სრულიად განსხვავებული და არა ის, რომელსაც წლების მანძილზე ხართ შეჩვეული", - განაცხადა უდუმაშვილმა.