ნიკა გვარამია - სასამართლო ხელსუფლებამ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოკლა საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა

ნიკა გვარამია - სასამართლო ხელსუფლებამ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოკლა საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა

თამაზ ურთმელიძის განჩინებას აქვს სულ ორსიტყვიანი შინაარსი - დიქტატურა დამყარდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა . 
მისი თქმით, საქართველო იმყოფება ჭკუიდან გამდაცდარი რუსული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ქვეშ. 
"მე ხელში მიჭირავს ერთ საათში დაწერილი 17-გვერდიანი განჩინება მოსამართლედ წოდებული ზონდერის, თამაზ ურთმელიძეს. ამ განჩინებას აქვს სულ ორსიტყვიანი შინაარსი - დიქტატურა დამყარდა. საქართველო იმყოფება ჭკუიდან გადამცდარი რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის ქვეშ. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე ურთმელიძემ საქართველოში დაასრულა ის მინიმალური დემოკრატიის ნიშნებიც კი, რომელიც ამ ქვეყანას ჰქონდა", - განაცხადა გვარამიამ. 
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების რეალური მიზანი იყო საქართველოს ევროინტეგრაციული პერსპექტივის მოკვლა და არა სიტყვის თავისუფლება, ან რომელიმე კომპანია. "საქართველომ დაასრულა არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლება, არა მხოლოდ დემოკრატია. სასამართლო ხელსუფლებამ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოკლა საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა. სრულიად გამორიცხული გახდა ნებისმიერი შესაძლებლობა ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის. რა ვიზალიბერალიზაციაზეა საუბარი, როდესაც მალე ჩვენ ფორუმზეც არ გვეყოლება ხალხი, რომელიც საქართველოს სახელით ისაუბრებს. ზურაბ ჟვანიას გამონათქვამი - მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი, ამ გადაწყვეტილებით სრულიად კარგავს შინაარს. ეს გადაწყვეტილება არის უახლესი ისტორიის გადაწერის მცდელობა, საქართველოს ჯანსაღი, დემოკრატიული პერსპექტივისთვის წერტილის დასმა და ამ გადაწყვეტილების მიზანი სწორედ ეს არის და არა "რუსთავი 2", არა რომელიმე კონკრეტული კომპანია, არა სიტყვის თავისუფლება. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი არის, რომ თქვენ შვილებს ხვალ გაეღვიძოთ რუსეთის ფედერაციაში, ევრაზიულ კავშირში და არა ევროკავშირში", - აღნიშნა გვარამიამ.