მთელ რესურსს მომავალში დავხარჯავ იმისთვის, რომ თქვენ გაიზიაროთ ის ბედი, რაც თქვენ თვითონ აირჩიეთ, - ასე მიმართავს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 91%-იანი წილის მფლობელი გია ყარამანიშვილი მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს.
ამ განცხადებით ყარამანიშვილი ურთმელიძის მიერ გამოტანილ განჩინებას გამოეხმაურა.
"ეს მოსამართლე ყოველ ჯერზე აჭარბებდა ყველანაირ მოლოდინებს, მაგრამ მე მაინც მინდა მივმართო მას და ერთი რჩევა მივცე: კარგად შეისწავლეთ იანუკოვიჩისდროინდელი მოსამართლეების ბედი, მათი ისტორია, სად არიან ისინი დღეს და მე გპირდებით, რომ მე მთელ რესურსს მომავალში დავხარჯავ იმისთვის, რომ თქვენ გაიზიაროთ ის ბედი, რაც თქვენ თვითონ აირჩიეთ", - აღნიშნა ყარამანიშვილმა.
მისივე თქმით, დღეს დასაცავია არა ვიღაცის საკუთრება, არამედ ქვეყნის მომავალი.
"მე ამ განცხადებას ვაკეთებ არა როგორც "რუსთავი 2"-ის წილის მფლობელი, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. დღეს არ დგას საკითხი ასე ვიწროდ, რომ დასაცავია ვიღაცის საკუთრება. დღეს დასაცავია მთელი ქვეყანა. დღეს არის მცდელობა ქვეყანაში დაამყარონ დიქტატურა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არ გამოვა, მაგრამ დღეს, "რუსთავი 2"-ის დაცვით ჩვენ ვიცავთ ჩვენ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და საერთოდ, მომავალს. მე მინდა მოვუწოდო ყველას - ნუ დაიცავთ "რუსთავი 2"-ს, დაიცავით თქვენი ქვეყნის მომავალი", - განუცხადა ყარამანიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს უკრაინის დედაქალაქ კიევში.