კომისიას „მაგთიკომის“ მიერ „კავკასუს ონლაინის“ აქტივების შეძენის თობაზე საბოლოო გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე არ მიუღია

კომისიას „მაგთიკომის“ მიერ „კავკასუს ონლაინის“ აქტივების შეძენის თობაზე საბოლოო გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე არ მიუღია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება 5 ნოემბრის სხდომაზე არ მიუღია.

ამის მიზეზი კომპანიების მხრიდან კომისიისათვის წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნა გახდა. კომპანიების აზრით, გარკვეული ინფორმაციის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ კონკურენტუნარიანობას. 

კომისიამ კომპანიებს მიმართა, არგუმენტაციის საფუძველზე დაასაბუთონ, კონკრეტულად რა ნაწილში ითხოვენ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას, და ასევე, დააზუსტონ იმ აქტივების დეტალური სია, რომლის შეძენასაც „მაგთიკომი“ „კავკასუს ონლაინისგან“ გეგმავს.

კომისია აგრძელებს კვლევას და მსჯელობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით: რა გავლენას მოახდენს ბაზარზე შესაძლო ტრანზაქცია, ხომ არაფერი დაემუქრება ეფექტურ კონკურენციას, ან ხომ არ გააძლიერებს აღნიშნული ტრანზაქცია „მაგთიკომის“ დომინანტურ პოზიციას.

კომისიამ ზეპირი მოსმენის სხდომა 2015 წლის 12 ნოემბერს 15:00 საათზე დანიშნა.