ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანს გაზის დიდი რეზერვუარები გააჩნია, ეს კი ნიშნავს იმას, რომ 100 წლის შემდეგაც აზერბაიჯანს შეუძლია არა მხოლოდ საკუთარი თავი არამედ ევროპაც დააკმაყოფილოს გაზით.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"აზერბაიჯანს გაზის დიდი რეზერვუარები გააჩნია. ეს ნიშნავს, რომ 100 წლის შემდეგაც ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ საკუთარი თავი დავიკმაყოფილოთ, არამედ დავაკმაყოფილოთ მეზობლებიც და ევროპაც“, - აღნიშნა ალიევმა
ალიევის თქმით, პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები განიხილეს.
„დღეს, ამ ფართო ფორმატის შეხვედრაზე განვაცხადე, რომ აზერბაიჯანში სატრანზიტო ტვირთებთან დაკავშირებით კომისია შეიქმნა და ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა ამ კუთხით ერთიანი პოლიტიკა შევიმუშაოთ, რათა ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთების გასვლა უფრო გავზარდოთ“, - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი თანამშრომლობს საერთაშორისო პროექტების ფარგლებში და ყველა საკითხში.
"განსაკუთრებით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. ეკონომიკის სფეროში წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს. გვსურს სავაჭრო ბრუნვა უფრო გავზარდოთ. ჩვენს ქვეყნებში არის კარგი ატმოსფერო ინვესტიციციებისთვის. ჩვენ მეგობრები ვართ, ძმები ვართ და დღევანდელი ეს წარმატებული ვიზიტი და შეხვედრა, ჩვენი სამომავლო ურთიერთობების დინამიური განვითარებისთვის წარმართული ნაბიჯია“, -განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.