საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გაიმართა.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტ ალიევსა და აზერბაიჯანის დელეგაციის წევრებს მიესალმა და ამ ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენი თანამშრომლობა, მეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობა არის სამაგალითო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ვიზიტი კიდევ ახალ და მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და შორსმიმავალი პროექტების კიდევ უფრო განვითარებას“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
თავის მხრივ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს გამოჩენილი სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მოხარული, ვარ რომ კვლავაც საქართველოში ვიმყოფები. მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ვიზიტის შედეგები დიდად წაადგება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებს. საქართველო ჩვენთვის ახლო ქვეყანაა, სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სფეროში და ეს კიდევ გრძელდება. ჩვენ ვიმედოვნებთ და გვაქვს სურვილი, რომ ეს ორმხრივი თანამშრომლობა და ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და მოიცვას ყველა სფერო. ჩვენს დღის წესრიგში უამრავი საკითხია, თუმცა ყველა საკითხს აქვს თავისი პროგრამა და მოელის თავის გადაწყვეტას. სწორედ ამ შეხვედრებში ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ თითოეულ ამ საკითხს“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.