ირაკლი ალასანია სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო სტრუქტურებზე პოლიტიკური კონტროლის დაწესების ინიციატივით გამოდის
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო სტრუქტურებზე პოლიტიკური კონტროლის დაწესების ინიციატივით გამოდის . შესაბამის საკითხზე ალასანიამ მედიასთან კომენტარი სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გააკეთა, სადაც საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია მიმდინარეობს, თემაზე "დემოკრატიული კონტროლი საქართველოს უსაფრთხოების სექტორზე".
ალასანიას აზრით, აღნიშნული მიზნით ზედამხედველობის კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში გააკონტროლებს იმას, რომ არ მოხდეს მოსასმენი და სხვა სადაზვერვო თუ ოპერატიული საშუალებების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.
"უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული კონტროლის საკითხზე "უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის" მიერ დისკუსიის გამართვა ძალიან დროული ინიციატივაა, რადგან ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუტების ფორმირებისთვის აუცილებელი პირობაა ხორციელდებოდეს შესაბამისი სამოქალაქო და საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები. აბსოლუტურად არ არის საკმარისი ის, რაც ამ მიმართულებით ხორციელდება. რა თქმა უნდა, შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო და პოლიტიკური კონტროლი აუცილებელია, მაგრამ მე გეტყვით, რომ ის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სპეციალურ – სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო სტრუქტურებზე. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აღნიშნული სპეციალური ინსტრუმენტების პოლიტიკური ნიშნით გამოყენების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, მიმაჩნია, რომ სპეციალური კონტროლის, ზედამხედველობის კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც სადაზვერვო სამსახურებს გაუწევს კოორდინაციასაც და პოლიტიკურ ზედამხედველობასაც, რომ არ მოხდეს მოსასმენი და სხვა სადაზვერვო თუ ოპერატიული საშუალებების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის თქმით, თუკი ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს, რაშიც ეჭვი ეპარება, საქართველო შედგება ქვეყნად, რომელსაც ინსტიტუტები მართავენ და ეს პროცესი პიროვნული დამოკიდებულებით არ არის განპირობებული. "მე და "თავისუფალი დემოკრატები" ვიქნებით ერთ-ერთი, რომელიც პარლამენტში დავაყენებთ ამ ინიციატივას", - აღნიშნა ალასანიამ.