ვილნიუსში საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

ვილნიუსში საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

ლიტვის დედაქალაქში გამართულ მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას საქართველოს მხრიდან ეკონომიკის მინისტრი დუმიტრი ქუმსიშვილი, ლიტვის მხრიდან კი ლიტვის ეკონომიკის მინისტრი ევლადას გუსტასი თავმჯდომარეობდა.

კომისიის სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა მიმართეს.

სხდომაზე ხელი მოეწერა საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომის ოქმს.

კომისიის ფარგლებში, მისმა თანათავმჯდომარეებმა კომისიის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთარების დაცვა, ჯანმრთელობის დაცვა, კულტურა და სხვა.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ლიტვა საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია ყველა მიმართულებით, მათ შორის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით.

„კონკრეტული საკითხები, რომლებიც იყო განხილული და შეთანხმებები, რომლებიც იყო მიღწეული, უნდა აისახოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე და ინვესტიციებზე, როგორც საქართველოში, ისე ლიტვაში“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ლიტვის ეკონომიკის მინისტრის, ევლადას გუსტასის განცხადებით, მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე საუბარი წარიმართა ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, გადაწყდა, რომ მომდევნო სხდომაზე განსახილველი საკითხების რაოდენობა გაიზრდება.

სხდომის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომისიის შემდეგი სხდომა 2016 წელს თბილისში გაიმართება.