„თავდაცვის სამინისტრო საქართველოში ტრადიციულად ჩამოყალიბდა, როგორც სამოქალაქო სტრუქტურა“

„თავდაცვის სამინისტრო საქართველოში ტრადიციულად ჩამოყალიბდა, როგორც სამოქალაქო სტრუქტურა“

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სამხედრო და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლი ერთ-ერთი მთავარია სახელმწიფოებრივი სისტემის აშენებაში.

ამის შესახებ პრეზიდენტმა კონფერენციაზე - „დემოკრატიული კონტროლი საქართველოს უსაფრთხოების სექტორზე“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სამხედრო და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლი არის ერთ-ერთი მთავარი, ერთ-ერთი შემადგენელი იმ სახელმწიფოებრივი სისტემის აშენებაში, რომელსაც ჩვენ ინტენსიურად ვახორციელებთ. ის შემთხვევები, როდესაც ასეთი საკითხები უგულვებელყოფილი ან მეორე პლანზეა გადატანილი, სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკულ ფურცლებად იწერება ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო და შეიარაღებულ ძალებზე ზედამხედველობის, სამოქალაქო კონტროლის, დემოკრატიული კონტროლის ფუნქცია იყოს არა მხოლოდ კონცეპტუალურად მოგვარებული, არამედ გაჯერებული, გაზიარებული, განმტკიცებული როგორც მთელს საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ სპექტრში და შეიარაღებულ ძალებში“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე განმარტებით, 21-ე საუკუნეში ორი ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულების შეთავსება უნდა მოხდეს - ერთის მხრივ მობილიზებული, მოტივირებული ძალიან ძლიერი შეიარაღებული ძალების განვითარება და შექმნა, მეორეს მხრივ კი დემოკრატიული საზოგადოების ურყეობის, კონსტიტუციური სტაბილურობის გარანტიების განმტკიცება.

„ამ თვალსაზრისით, ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გვაქვს წინ გადადგმული გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები არის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური, ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოებული, აღიარებული შეიარაღებული ძალები. ჩვენ გვყავს არმია, რომელიც ურთულეს ამოცანებს ასრულებს გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს ძირითადი კონსტიტუციური ჩარჩო არმიასა და სამოქალაქო სტრუქტურების თანამშრომლობის და ერთობლივი ფუნქციონირების თვალსაზრისით. პირველ რიგში, ამ სქემაში ეს არის ხელისუფლების აღმასრულებელი ნაწილი და ეს არის თავდაცვის სამინისტრო. თავდაცვის სამინისტრო საქართველოში უკვე ტრადიციულად ჩამოყალიბდა როგორც სამოქალაქო სტრუქტურა, რომლის ხელმძღვანელიც არის სამოქალაქო პირი. ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია სწორედ ევროპული ტრადიციის ფარგლებში“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.