ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის პლენარულ სესიაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა.
აღნიშნულის შესახებ საუბარია ქარტიის კომისიის ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებენ.
„აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია მიესალმა რეგიონში საქართველოს, როგორც სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბის მზარდ ეკონომიკურ როლს, რასაც მოწმობს წარმატებით ჩატარებული აბრეშუმის გზის ფორუმი, რომლის მიზანი იყო კავკასიის გავლით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სავაჭრო დერეფნის მიმართ რეგიონული მხარდაჭერის მობილიზება. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიამ დაადასტურა საქართველოს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უწყვეტი თანამშრომლობის მნიშვნელობა, სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის პროექტის დასრულებისა და საქართველოს განახლებადი რესურსების შემდგომი განვითარების გზით. ორივე მხარემ აღნიშნა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში გამართული ვაჭრობასა და ინვესტიციებზე აშშ-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის ბოლო რაუნდის ფარგლებში მიღწეული პროგრესი. მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული ფორმატის მეშვეობით მუშაობის გაგრძელებაზე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების გაძლიერების, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხების შესაძლო გაფორმების მიზნით. საქართველომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიულოცა წყნარი ოკეანეთის პარტნიორობასთან (TPP) დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, მიესალმა ვაჭრობასა და ინვესტიციებზე ტრანსატლანტიკური პარტნიორობის (TTIP) მოლაპარაკებებში მიღწეულ პროგრესს და გამოთქვა ზემოაღნიშნულ პლატფორმებთან თანამშრომლობის ინტერესი. აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, მხარეებმა იკისრეს ვალდებულება, გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები კონკრეტულ სექტორებში, მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, განახლებადი ენერგიის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ტურიზმის, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარების მიზნით“,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ორმხრივი დიალოგის ძირითადი ფორმატია, რომლის მიზანსაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ერთობლივი მიზნის ხელშეწყობა წარმოადგენს. ქარტიის კომისიამ ყურადღება გაამახვილა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატია, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა, ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები. ქარტიის კომისიის სხდომა 2015 წლის 2 ნოემბერს ვაშინგტონში გაიმართა. საქართველოს მხრიდან მას ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ს მხრიდან კი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენი ხელმძღვანელობდა.