საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებული განცხადება, არც მეტი, არც ნაკლები, ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს, - აღნიშნული განცხადებით საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ უპასუხა.
"რუსთავი2"-ის სარჩელის წარმოებაში მიღებასთან და სადავო ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებით, მანანა კობახიძის კრიტიკას დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განცხადებით უპასუხა. საპასუხო განცხადება ცოტა ხნის წინ პარლამენტში გააკეთა მანანა კობახიძემაც, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივად არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე საუბრობს.
"პირველ რიგში, მადლობა გიორგი პაპუაშვილს, საზოგადოებას და "ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ჩემს საადვოკატო პრაქტიკაში ონისე მებონიას საქმე ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საქმეა, მაგრამ გეტყვით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მთელი რიგი გარემოებები არასწორად აქვს მითითებული. კერძოდ, ონისე მებონიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2006 წლის 11 ივლისს შევიდა. ამ საქმეზე გადაწყვეტილება 2006 წლის 15 დეკემბერს გამოვიდა. მაინტერესებს, რომელი არითმეტიკული ფორმულით დათვალა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ 2006 წლის 11 ივლისისიდან 15 დეკემბრამდე არის 15 დღე?! როგორც ჩანს, ასე ითვლიან, ასეთი არითმეტიკა აქვთ – ეს ჩვენი პრობლემა არ არის", - განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი2"-ის სარჩელზე სადაო ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებით მიიღო, უპრეცედენტოა. კერძოდ, დეპუტატის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკა და ტრადიცია დაარღვია და აღნიშნული საქმე მოპასუხე მხარის – პარლამენტის არგუმენტების მოსმენის, ზეპირის მოსმენის გარეშე განიხილა და სადავო ნორმა შეაჩერა. მანანა კობახიძის თქმით, ეს აჩენს ეჭვს, რომ გადაწყვეტილება გარკვეული პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი. ამასთან, კობახიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ამით საკონსტიტუციო სასამართლოს კანონი არ დაურღვევია.
"საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არ მოიძებნება საქმე, როდესაც სასამართლომ სადავო ნორმის მოქმედება შეაჩერა ისე, რომ მოპასუხე მხარეს, ამ შემთხვევაში პარლამენტს, არ მოუსმინა და არ დაინტერესდა, თუ რა არგუმენტები გააჩნდა საკანონმდებლო ორგანოს. მანამდე არც ერთ საქმეზე მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სწორედ ეს იწვევს ეჭვს. საკონსტიტუციო სასამართლო ცდილობს არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით გაამართლოს მისი ქმედება, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს 2 ნოემბრის სხდომის შესახებ ინფორმაციაც კი არ მოაწოდა და პრაქტიკულად ჩუმად, სრულიად მალულად, ისე რომ მოპასუხე მხარემ არც კი იცოდა, რომ სასამართლოს მიერ "რუსთავი2"-ის სარჩელი, მისი წარმოებაში მიღების საკითხი იხილებოდა და შეჩერდა სადავო ნორმა. ამაში საკონსტიტუციო სასამართლოს ძალიან საეჭვო დაინტერესება იკვეთება – მოძებნონ ერთი პრეცედენტი მაინც და დაასაბუთონ, თუ რატომ არ ჩათვალა საჭიროდ მოპასუხე მხარისთვის მოსმენა", - განაცხადა მანანა კობახიძემ.