საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე მამისონის უღელტეხილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ტერიტორია რუსეთმა მიიტაცა სიცრუეს უწოდებს.
როგორც კვაჭანტირაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მამისონის უღელტეხილი წაართვა, სიმართლეს არ შეესაბამება.
"ნეტავ სხვა, ჩვენი დონის და წონის ქვეყნებშიც ამდენი გაურკვეველი სანდოობის და წარმოშობის საინფორმაციო პორტალები და სააგენტოებია? დაბეჭდავს ერთი და გადაბეჭდავს ათი მაინც. მერამდენე დღეა ვრცელდება ცრუ ინფორმაცია მამისონის უღელტეხილის შესახებ. ეს ყველაფერი ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით კეთდება. წერენ, თითქოს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მამისონის უღელტეხილი წაართვა. ეს ტყუილია მეგობრებო. საქართველო–რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის ზოლზე ჯერ კიდევ 2009 წელს საბჭოთა კავშირის დროინდელ მეტეოსადგურში განთავსდნენ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ძალები. დღეის მდგომარეობით, მამისონის უღელტეხილზე რუსეთის ფედერაციასთან საზღვარს უცვლელ კონტურებში საქართველოს შსს–ს სასაზღვრო პოლიცია აკონტროლებს", - წერს ზვიად კვაჭანტირაძე.