ევროპის საბჭო და ევროკავშირი მედიას 8 ახალ პროექტს წარუდგენს

ევროპის საბჭო და ევროკავშირი მედიას 8 ახალ პროექტს წარუდგენს

ევროპის საბჭო და ევროკავშირი მედიას ხვალ, 8 ახალ პროექტს წარუდგენს, რომლებიც საქართველოში მომდევნო ორი წლის განმავლობაში განხორციელდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის მიერ ახალი პროექტების პრეზენტაცია შეეხება ადამიანის უფლებების სტანდარტების გაუმჯობესების, პატიმრების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის, მედიის თავისუფლებისა და არჩევნების მხარდაჭერის სფეროებს.

მათივე ცნობით, გარდა ხსენებული პროექტებისა, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია საქართველოში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველო 14 რეგიონალურ პროექტშიც იღებს მონაწილეობას.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ პროექტების საერთო ბიუჯეტი 3.6 მილიონ ევროს შეადგენს და პროექტები ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

"პროექტებს ევროპის საბჭო განახორციელებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის "პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების" ფარგლებში. პროექტები მიზნად ისახავს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განხორციელების ხელშეწყობას, ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერას, პატიმრების სოციალური ინტეგრაცის ხელშეწყობას, ფულის გათეთრებასთან ბრძოლას, მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის ხელშეწყობას, ინტერნეტ თავისუფლების დაცვას და არჩევნების მხარდაჭერას", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, მედიის წინაშე პროექტებს წარადგენენ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მეგი ტაბატაძე და ევროპის საბჭოს პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების კოორდინატორი არკადი სიტინი.