თქვენ ნამდვილ სულიერ ლიდერს განასახიერებთ, რომელსაც მილიონობით ადამიანი მიყავს მშვიდობისა და ურთიერთგაგების გზით ძალადობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოში ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარემ, იული ედელშტეინმა პატრიარქთან საუბრისას განაცხადა.
საპატრიარქოში ილია მეორემ დღეს ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარე თანმხლებ პირებთან ერთად მიიღო. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის უძველეს მეგობრულ ურთიერთობაზე, კულტურასა და ისტორიაზე ისაუბრეს.
საქართველოს პატრიარქმა საუბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ ისრაელთან საქართველოს ურთიერთობა ათასწლეულებს მოიცავს და ქრისტეს შობამდე დაიწყო. პატრიარქის თქმით, საქართველოში ებრაელებმა წმინდა წინასწარმეტყველის ილიას სამოსი ჩამოაბრძანეს, თან - ასევე რწმენა ღვთისადმი. უწმინდესის თქმით, საქართველოში ანტისემიტიზმი არასდროს ყოფილა.
"საჭიროა, ითქვას, რომ თქვენი კულტურა, ჩვენი ისტორია ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ბოლო წლებში ებრაელები დაბრუნდნენ წმინდა მიწაზე და საქართველომ ხელი შეუწყო მათ, წასულიყვნენ. ებრაული კულტურა ჩვენთვის ახლობელია. მე მივესალმები თქვენ თანმხლებ პირებს და ვისურვებ, რომ მათ უკეთ გაიცნონ საქართველო. იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენი ვიზიტი საქართველოში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნებს შორის კიდევ უფრო დაახლოებისათვის. ჩვენ ერთი ბედი გვაქვს, ამიტომ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ", - აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესმა საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ქართველმა ებრაელებმა ისრაელში დაბრუნების შემდეგაც შეინარჩუნეს თბილი ურთიერთობები საქართველოსთან.
თავის მხრივ, ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარე იული ედელშტეინმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს მიღებისთვის და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, დიპლომატიური ურთიერთობებიც არ ამოიწურება.
ქნესეთის თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ორივე მხარისთვის მომგებიანია და ასეთი ურთიერთობებისაგან არც ერთი მხარე წაგებული არ დარჩება. მან ისაუბრა ეკონომიკურ, კულტურულ ურთიერთობებზე და გამოცდილების გაზიარების შესახებ.
"მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი სახელი ბევრისთვის არის ცნობილი საქართველოს საზღვრებს გარეთაც. ხანდახან თანამედროვე მსოფლიოში საუბრობენ სულიერი ლიდერების ნაკლებობაზე. თქვენ ნამდვილად სულიერ ლიდერს განასახიერებთ, რომელსაც მილიონობით ადამიანი მიყავს მშვიდობისა და ურთიერთგაგების გზით ძალადობის წინააღმდეგ. მინდა, აღვნიშნო, რომ ანტისემიტიზმი საქართველოში პრაქტიკულად არ იციან. ამას აქვს მიზეზები. ეს არის ლიდერების, მათ შორის სულიერი ლიდერების სწორი მიდგომის შედეგი. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალშიც საქართველოში შენარჩუნდება ასეთი დამოკიდებულება ებრაული საზოგადოებისა და რელიგიის მიმართ", - განაცხადა იული ედელშტეინმა.
მისივე თქმით, ებრაელებს მოუწიათ ისრაელში დაბრუნება იმიტომ, რომ იდევნებოდნენ. საქართველოს შემთხვევაში კი სხვაგვარად იყო. ისინი საქართველოდან წავიდნენ და დარჩნენ საქართველოს პატრიოტებად, წავიდნენ იმის გამო, რომ სურდათ საკუთარ სამშობლოში დაბრუნება. მისივე განცხადებით, საქართველოდან წასული ებრაული საზოგადოება არის მეგობრობის დიდი ხიდი ორ ქვეყანას შორის. მან მადლობა გადაუხადა პატრიარქს, რომ ასეთი სულიერი ლიდერია, რომლისგანაც მაგალითის აღება სურთ.
"ხუმრობით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს თანამშრომლებს განსაკუთრებით ”არ უყვართ”, როდესაც მათ ეუბნებიან ისრაელში საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის სტუმრობის შესახებ. მათ წარმოდგენა არა აქვთ, ჩემმა არც თუ დიდმა ოფისმა როგორ შეიძლება მოიწვიოს საქართველოდან წამოსული ადამიანები, რომელთაც სურთ, აუცილებლად დაესწრონ ამ შეხვედრას. ეს ნამდვილად არ არის ხოლმე იოლი და ბევრი გულდაწყვეტილი რჩება. ამას ვამბობ ძალიან თბილი გულითა და დიდი ღიმილით. ეს არც ერთ სხვა ქვეყნის შემთხვევაში არ ხდება. მადლობა ღმერთს, ხშირია ვიზიტები და როგორც თქვენ თქვით, თბილი ურთიერთობები ძალიან ბევრმა შეინარჩუნა. მათ სურთ ნახონ პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, რადგან ისინი მათ თავიანთ წარმომადგენლებად მიაჩნიათ", - აღნიშნა საუბრის ბოლოს ქნესეთის თავმჯდომარემ.