სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" და ტელეკომპანია "საქართველოს" კონსტიტუციური სარჩელის მიღებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო დამატებით განმარტებას აკეთებს.
სასამართლო აცხადებს, რომ დამატებითი განმარტების გაკეთება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ "ზოგიერთი ფაქტობრივად მცდარი" ინფორმაცია გაავრცელა.
განცხადებაში, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს, აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თითოეულ საქმეს იხილავს იმ ვადაში, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 2 ნოემბერს არსებითად განსახილველად მიღებულ იქნა "შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" და "შპს ტელეკომპანია საქართველოს" კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N675) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნული საქმისადი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქალბატონი მანანა კობახიძის მიერ მედიით გაკეთებული ზოგიერთი ფაქტობრივად მცდარი ინფორმაციის გამო, საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, დამატებით განმარტების გაკეთებას.
საკონსტიტუციო სასამართლო თითოეულ საქმეს იხილავს იმ ვადაში, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად. საქმის განხილვის ვადები განსხვავებულია სასამართლოს წინაშე წამოჭრილი საკითხის სირთულის, მნიშვნელობისა და აქტუალობის გათვალისწინებით.
მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლომ, არათუ საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი, არამედ საქმე არსებითად განიხილა და გადაწყვიტა 15 დღის ვადაში საქმეზე "ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" (2006 წლის 15 დეკემბრის N1/3/393,397 გადაწყვეტილება), სადაც მოსარჩელე მხარეს, ქალბატონი მანანა კობახიძე წარმოადგენდა. საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდა რა, რომ დარღვეული იყო სამართლიანი სასამართლოსა და თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები, მჭიდრო ვადაში გადაწყვიტა საქმე, რათა მინიმუმამდე დაეყვანა ადამიანების მიმართ კონსტიტუციური უფლებების დარღვევით პატიმრობის გამოყენება.
საკონსტიტუციო სასამართლო შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში იხილავს საქმეს მაშინ, როდესაც დაყოვნების შემთხვევაში საქმის განხილვა/გადაწყვეტას შედეგი აღარ ექნება. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეთა ასეთ კატეგორიას განეკუთვნება "შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" და "შპს ტელეკომპანია საქართველოს" სარჩელი და შესაბამისი გადაწყვეტილება მოკლე ვადაში მიიღო.
გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობისა და ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, განმწესრიგებელი სხდომა ტარდება ზეპირი მოსმენით, როდესაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა არგუმენტების მოსმენა აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად, ან მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები საჭიროებს დაზუსტებას.
ვინაიდან "შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" და "შპს ტელეკომპანია საქართველოს" კონსტიტუციურ სარჩელში ნათლად და არაორაზროვანდ იყო მითითებული ყველა ის საკითხი, რისი გამორკვევაც აუცილებელია საქმის არსებითად განსახილველად მიღებისთვის და, ამასთან, სასამართლოს ჰქონდა პასუხი სადავო ნორმის შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად მისთვის ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ დაინახა განმწესრიგებელი სხდომის ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა", - აღნიშნულია განცხადებაში.