ერთ-ერთი ვერსიით, ბათუმში ნაპოვნი ცხედარი ძველ ლაბორატორიაში ინახებოდა

ერთ-ერთი ვერსიით, ბათუმში ნაპოვნი ცხედარი ძველ ლაბორატორიაში ინახებოდა

ერთ-ერთი ვერსიით, ბათუმის ყოფილ პროზექტურასთან ნაპოვნი ჩვილის ცხედარი,  ადგილზე წლების წინ განთავსებულ ლაბორატორიაში ინახებოდა და  სადემონსტრაციოდ გამოიყენებოდა. 
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, ასეთია ერთ-ერთი ვერსია, რომელსაც ადგილზე მომუშავე სამართალდამცველები განიხილავენ.
როგორც ცნობილია, ჩვილის ცხედარი, რომელიც დიდი ზომის ქილაში იყო მოთავსებული, ბათუმში, გრიბოედობის ქუჩაზე, ყოფილი პროზექტურის შენობასთან იპოვეს. არსებული ინფორმაციით, წლების წინ პროზექტურაში ლაბორატორიაც ფუნქციონირებდა, სადაც მსგავსი ტიპის ნიმუშები ინახებოდა.
ქილაში მოთავსებული ჩვილის ცხედარი ყოფილი პროზექტურის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ბავშვებმა აღმოაჩინეს.
"ქილაში ჩასმული ბავშვის ცხედარი ჩემმა 10 და 12 წლის შვილებმა აღმოაჩინეს. როგორც მათ მითხრეს, ქილა გატეხეს და ცხედარს ტელეფონით ფოტოები გადაუღეს. ჩემი ბავშვები აქვე ახლოს მდებარე სკოლაში სწავლობენ. სახლში რომ მოვიდნენ მითხრეს რაც ნახეს. თან, თქვეს, რომ ქილაში სითხეც ესხა. სურათები რომ ვნახე, მეგონა თოჯინა იყო, გადასამოწმებლად ადგილზე მოვედი და მართლაც ბავშვის ცხედარი აღმოჩნდა. დავრეკე პოლიციაში და გავაგებინე ეს ამბავი", - განუცხადა ჟურნალისტებს ბავშვების მამამ, რობერტ მერკვილაძემ. 
ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.