კვირიკაშვილი - უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველო გარდავქმნათ რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოდ

კვირიკაშვილი - უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველო გარდავქმნათ რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოდ

საქართველოს სააგრეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში ვიზიტს წარმატებულად აფასებს. მისი განცხადებით, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარული სესიის პარალელურად, პირველად გაიმართა სავაჭრო და ინვესტიციების სფეროში მაღალი დონის დიალოგი, რომელის აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელმა მაიკლ ფრომანმა, საქართველოს მხრიდან კი ვიცე-პრემიერმა გახსნა. 
"სხდომამ განიხილა საქართველოში განხორციელებული რეფორმები და შევთანხმდით რომ ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის სპეციალური მისია ჩამოვა საქართველოში და შაფასებს ჩვენს ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს. საქართველო-ამერიკის სავაჭრო ურთიერთობების საბოლოო მიზანი არის თავისუფალი ვაჭრობა და მნიშვნელოვანია, რომ ეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა სავაჭრო დიალოგის ოქმში. ასევე მნიშვნელოვანი იყო სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარული სხდომა, რომელმაც თანამშრომლობის ოთხივე მიმართულება მოიცვა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთობლივ განაცხადში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ითქვა, რომ ამერიკა დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მზად არის კვლავაც დაეხმაროს საქართველოს შემდგომი რეფორმების განხორციელებაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველო გარდავქმნათ რეალურად დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოდ. 
"ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების მიზანია საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება და მისი სრულუფლებიანი წევრობა, თუმცა ეს რეფორმები უპირველეს ყოვლისა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს გავუუმჯობესოთ ცხოვრება, ავამაღლოთ ეკონომიკური დონე, მოვიზიდოთ მეტი ინვესტიცია და საქართველოში დაცული იყოს დემოკრატუილი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი საბაზისო უფლებები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.