საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ამ დროისთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5 პროცენტს შეადგენს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების საპასუხოდ.
მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე, მასზე მოქმედ ფაქტორებზე და ზოგადად ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე.
მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2016 წლის დასაწყისში ეროვნული ბანკის მიზნობრივი მაჩვენებლის მაღლა შენარჩუნდება, შემდეგ დაიწყებს შემცირებას და 5 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელს 2016 წლის მეორე ნახევარში მიაღწევს. სექტემბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 5.8% შეადგინა. ინფლაციის ზრდის განმსაზღვრელი კვლავ მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორებია. კერძოდ, გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული წარმოების შუალედური ხარჯების გაძვირება და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა. ინფლაციის მაჩვენებელზე ასევე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ელექტროენერგიის გადასახადის ერთჯერად მატებას. ინფლაციის ზრდას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და მსოფლიო ბაზარზე გაიაფებული ნავთობისა და სურსათის ეფექტი ზღუდავს.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მესამე კვარტალში პროგნოზირებულთან შესაბამისი იყო. წინასწარი მონაცემებით წლის დასაწყისიდან ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2.7% შეადგინა. ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელ ფაქტორს საგარეო სექტორი წარმოადგენს, რომელიც რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს საქონლისა და მომსახურების ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე. წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა ძირითადად შიდა მოთხოვნით იყო განპირობებული. ამავე დროს შიდა მოთხოვნაზე უარყოფითად მოქმედებს ფულადი გზავნილების შემცირება და უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე ლარი/აშშ დოლარის გაცვლითი კურსის უკვე ცვლილების შედეგად მომსახურების ტვირთის ზრდა.
პოზიტიური ტენდენციები გრძელდება საგარეო დისბალანსის აღმოფხვრის მხრივ. შემცირებული სავალუტო შემოდინებების ფონზე, გაცვლითი კურსის ცვლილებამ დააჩქარა იმპორტის კორექტირების პროცესი. წლის დასაწყისიდან, იმპორტის კლებამ 14 პროცენტი შეადგინა (გრანტით მიღებული C ჰეპატიტის წამლების იმპორტის გარეშე). შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებული საგარეო შოკის ეფექტი კურსზე ამოწურულია. სხვა თანაბარ პირობებში, აღნიშნული საგარეო შოკიდან კურსზე დამატებითი ზეწოლა მოსალოდნელი არ არის.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 16 დეკემბერს გაიმართება.