დაახლოებით ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ ნიკა გვარამიამ ე.წ. მოდულის შენობა დატოვა. როგორც მან აღნიშნა, დასმული შეკითხვების დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა დაკითხვა შეეხებოდა იმ ჩანაწერს, რომელიც გამოქვეყნდა. ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს ჩანაწერი ავთენტური არ არის და მისი აზრით, დამონტაჟებულია.
გვარამია ადასტურებს ჩანაწერში თემურ ჯანაშიაზე საუბრის მონაკვეთს და განმარტავს, რომ ჯანაშიას ესაუბრა პირადი დაცვის შესახებ, რომელიც შემდეგ არ აუყვანია. მისივე თქმით, თემურ ჯანაშიას მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით იცნობდა და სააკაშვილს ამ თემაზე სწორედ ამ მოტივით ესაუბრა.
რაც შეეხება მის ხუთსაათიან დაკითხვას, ნიკა გვარამიას თქმით, ალბათ ის ყველაზე საინტერესოა მათთვის და სწორედ ამიტომ გაგრძელდა მისი დაკითხვა ყველაზე ხანგრძლივად.
"მოდულის" შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა კობა ხაბაზმაც, რომელმაც ასევე არ დააკონკრეტა რა შეკითხვები დაუსვეს. თუმცა ხაბაზი აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს იმისათვის, რომ "ბიძინა ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმი მოშორდეს საქართველოს". კობა ხაბაზის თქმით, სწორედ ეს განაცხადა დაკითხვაზე და ეს იყო მისი დაკითხვის შინაარსიც.
ამ დრომდე დაკითხვაზე რჩება გივი თარგამაძე. ე.წ. მოდულის შენობასთან კი "თავისუფალი ზონისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იმყოფებიან.