საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ლევან ბერძენიშვილის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში "თავისუფლების ქარტიასთან" დაკავშირებით შეტანილი სარჩელის უკან "დიდი ხალხი" დგას.
საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულ სარჩელზე, რომლის საფუძველზეც კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტების წევრების, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნების, ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტების ბიუროების წარმომადგენლების მიერ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების თაობაზე დაწესებული აკრძალვა, გაუქმდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ბერძენიშვილმა განუცხადა, "მაგალითად, ვაჟა ლორთქიფანიძეს ექნება თუ არა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება, ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან პირადად ის და მისნაირი ხალხი ყოველთვის ძველი კომუნისტების აღზევების წინააღმდეგი იქნება". აქვე ბერძენიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის უკან "უფრო დიდი ხალხი დგას, მათ შორის მის მიერ დასახელებული".
"პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩვენ შეფასებას ვერ მივცემთ – ის უნდა შესრულდეს. გადაწყვეტილება მოგვწონს თუ არა, საკონსტიტუციო სასამართლოს სიტყვა საბოლოოა. აღნიშნული გადაწყვეტილებით "თავისუფლების ქარტიაში" ლუსტრაციული მომენტი შესუსტდა, თუმცა ის გაუქმებული არ არის, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ შეზღუდვა არ უნდა შეეხოს კომუნისტური პარტიის და კომკავშირის მაღალი თანამდებობის პირებს, მაგრამ შეზღუდვა დარჩა უშიშროებისა და სხვა სპეციალური სამსახურების თანამშრომლებისთვის, აგენტებისთვის. ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ასეთი ტიპის შეზღუდვები არაკონსტიტუციურად არის მიჩნეული. "თავისუფლების ქარტიაში" თავიდანვე მეტისმეტად მკაცრად განისაზღვრა, როცა ასეთ პირებს სახელმწიფო თანამდებობის დაკავება მთელი სიცოცხლის განმავლობაში აეკრძალათ. ამ მხრივ კანონში ვადები არ იყო დათქმული. ჩვეულებრივ, ლუსტრაციულ კანონებში მათ თანამდებობის დაკავება 5 წლით, მაქსიმუმ 10 წლით ეკრძალებოდათ, მაგრამ სამუდამოდ ეს არსად ყოფილა. ამ თვალსაზრისით ქართული კანონი ზედმეტად მკაცრი იყო. პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ამ აკრძალვას ჯერ არ უმოქმედია, ამ კანონის მიხედვით არც ერთი მოხელე ამ მოტივით გათავისუფლებული ჯერ არ ყოფილა. ჩვენ არ გვყავს რაიკომის მდივნები, რომელსაც ახლა სადმე დავნიშნავთ, რადგან მათი დრო ისედაც, ისტორიულად წავიდა. თუ ერთ-ორ რაიკომის მდივანს იმედი აქვს, რომ მინისტრი გახდება, ჰქონდეს ეს იმედი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დავნიშნავთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლევან ბერძენიშვილმა.
დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც ყოფილი პატიმრისთვის, გულსატკენია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნიულ საკითხს ადამიანის უფლებების თვალით შეხედა და არ შეხედა მსხვერპლის თვალით.