პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, „რუსთავი 2“-ის თემამ საზოგადოებაში გარკვეული შფოთი შეიტანა.
როგორც ცისკარიშვილმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, „რუსთავი 2“-ის ვითარებასთან მიმართებით, ხელისუფლება ნეიტრალური არ იყო, ისევე როგორც მოსამართლე ურთმელიძის დამოუკიდებლობის ხარისხი არ იყო 100%-იანი.
პოლიტოლოგის განმარტებით, აღნიშნული სასამართლო დავის შედეგი მოულოდნელი ალბათ, უფრო ქიბარ ხალვაშის მხარდამჭერებისთვის იყო.
„დასრულდა პირველი ეტაპი დავისა, რომელსაც ხან იურიდიული ელფერი ჰქონდა, უფრო ხშირად კი პოლიტიკური. შესაბამისად, მხარეებიც დარჩნენ იმავე პოზიციებზე. მოულოდნელობა უფრო ხალვაშის მხარდამჭერებისთვის იყო, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ხოლო „რუსთავი 2“-ის ფსევდო მფლობელებისთვის და მისი გენ. დირექტორისთვის თემა მუდმივად პოლიტიკური იყო და წინასწარ აანონსებდნენ იმ შედეგს, რაც დადგა და შეგვიძლია მივულოცოთ ასეთი ზუსტი პროგნოზი, მაგრამ, ცხადია, რომ ამ თემამ საზოგადოებაში გარკვეული შფოთი შეიტანა“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.
მისი თქმით, საზოგადოებაში „რუსთავი 2“-ის თემა დიდხანს არ იქნება აქტუალური.
„ერთ-ერთი დასკვნა, რაც ექსპროკურორ გვარამიას წამოცდა ალბათ, განაჩენის შემდეგ ესაა, რომ მინიმუმ არჩევნებამდე ჩვენ ამ პროცესებს აუცილებლად გავჭიმავთო. როგორც ჩანს, გვარამიას არ აქვს ინფორმაცია, რომ ტვინში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესების გამო, ნეირონები რაიმე ახალი ინფორმაციის მიმართ ინტერესს ხანგრძლივი დროით არ ამჟღავნებენ და ეს თემაც საზოგადოებისთვის მომაბეზრებელი იქნება, თუ ის დროულად არ იქნა გადაჭრილი“, - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული ტელეკომპანიის ერთი ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" მძევალია, ხოლო სასამართლოს და პროკურატურის სერიოზული ნაწილი კი მისი გავლენის ქვეშაა ჯერ კიდევ.
„ვერ დავიჩემებ, რომ ხელისუფლება იყო ნეიტრელური ამ ვითარებაში, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში „რუსთავი 2“-ის ეთერიდან მოღაღადე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თუკი რაიმე კომპლიმენტს წარმოთქვამდნენ ხელისუფლების მიმართ, ეს იყო სიტყვა უსუსური და უნიათო. მე მგონი, თუ რეალობა ის გახლავთ, რაზეც საუბრობენ ამ პოლიტიკური ძალის ლიდერები, მთლად უსუსური და უნიათო არ აღმოჩნდა ხელისუფლება, რომლებმაც, თუ ეს ასეა, „რუსთავი 2“-ს ისეთ ნაწილს მიაყენეს დარტყმა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მძევალია. დიახ, „რუსთავი 2“ არ არის ჩემთვის ერთი მთლიანი სუბიექტი. მკაფიოდ ვანსხვავებ ერთმანეთისგან უნიჭიერეს ჟურნალისტებს, პროდუსერებს და ოპერატორებს, მაგრამ თვალსაჩინოა, რომ არის კიდევ ნაწილი „რუსთავი 2“-სა, რომელიც მართლაც მძევალია „ნაცმოძრაობის“ და ის ცდილობს მუდმივად პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს ნებისმიერი სიახლე, რომელსაც ჟურნალისტები საზოგადოებას სთავაზობენ. გამიკვირდება ჩემი თავისა, რომ ვთქვა, დამოუკიდებელობის ხარისხი ამ მოსამართლის იყო 100%-იანი, რადგან არამხოლოდ ეს, არამედ არც თუ ცოტა სამწუხაროდ, ასეთი პროცესი გვახსოვს ჩვენ 2013 წლიდან მოყოლებული და აქ პროკურატურა და სასამართლო, რომლის სერიოზული ნაწილი ჯერ კიდევ „ნაცმოძრაობის“ გავლენის ქვეშ გახლავთ, არის უფრო მიჭირხვნილი, ვიდრე ეს იყო წინა წლებში“, - განაცხადა სოსო ცისკარისვილმა.