„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება.
მისი თქმით, მან არაფერი იცის ნუგზარ წიკლაურის და მიხეილ სააკაშვილის ფარული ჩანაწერის შესახებ, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული გეგმები მას ნაკლებად აინტერესებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული გეგმების და გარჩევების შესახებ არც ვიცი და არც მაინტერესებს. ეს არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გვარამიამ.
რაც შეეხება თავად ნიკა გვარამიას დაკითხვას, მისი თქმით, სუს-ის უფლებაა, დასვას შეკითხვები, მას კი აკისრია მოვალეობა, რომ გასცეს კითხვებს პასუხები. შესაბამისად, გვარამიას თქმით, ის იმდენჯერ მივა დაკითხვაზე, რამდენჯერაც დაიბარებენ.
ამასთან, როგორც გვარამია აცხადებს, მას ნამდვილად ჰქონდა საუბარი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიასთან, თუმცა, მისი თქმით, დაცვის გაძლიერება საკმაოდ ძვირი ჯდებოდა და ამიტომ ეს ღონისძიება ვერ განხორციელდა.
„შემიძლია აქ ოცდამეორეჯერაც მოვიდე. დიდი მოთმინება და გამოცდილება მაქვს დაკითხვების. ამ უწყების ლეგიტიმური უფლებაა დასვას შეკითხვები, ჩემი მოვალეობაა კითხვებს პასუხები გავცე. რა თქმა უნდა, ჩემთვის ცნობილ ყველა ფაქტს გავცემ პასუხს. ის ჩანაწერი, რომელიც ბოლოს გამოქვეყნდა, არ არის ავთენტური. თუ ვინმეს აინტერესებს თემურ ჯანაშიასთან დაკავშირებით ინფორმაციები - ნამდვილად მქონდა მასთან ურთიერთობა, რადგან არ ვიცნობ არავის, ვისაც შეიძლება ვესაუბრო დაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ნამდვილად მქონდა საუბარი მასთან, უბრალოდ, ეს ღონისძიება ძვირი ჯდებოდა და შესაბამისად, ვერ განვახორციელეთ“, - განაცხადა გვარამიამ.