იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე მიიჩნევს, რომ ძველი საქმეები არ უნდა გადაიხედოს. ჟურნალისტის კითხვაზე, აუცილებელია თუ არა სამართლიანობის აღდგენის პროცესში ძველი საქმეების გადახედვა, მურუსიძემ განაცხადა, რომ ძველი საქმეები უნდა გადაიხედოს ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში.
"ამაზე საუბარი იყო. არ ვიცი რეალურად როგორ იქნება. ძალიან ფაქიზად უნდა მოვეკიდოთ უკვე მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვას. მე, ზოგადად არ მაქვს დადებითი განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ ძველი საქმეები რაც არის, გადაიხედოს. თუ რაიმე გამოვლინდა, თუ ახალი გარემოებაა რაც იძლევა საფუძველს, რომ გადაიხედოს გადაწყვეტილება, ამას მივესალმები, მაგრამ ის, რომ მასიურად გადაიხედოს ყველა გადაწყვეტილება იმის მიხედვით თუ სამართლიანობას ვინ როგორ აღიქვამს, ეს ქაოსს გამოიწვევს. საბოლოო ჯამში, ეს არის სახელმწიფოს გადასაწყვეტი და თუ პარლამენტი რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, უნდა დავემორჩილოთ", - განაცხადა მურუსიძემ.
რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა განაცხადა, საქართველოში სასამართლო არის უფრო დამოუკიდებელი ვიდრე ადრე, მაგრამ ძალიან ბევრი უკლია გერმანიამდე.
"ეს არის პროცესი და პროცედურა. ბევრი კარგი ნაბიჯები იდგმება. როდესაც მივხვდით, რომ კანონმდებლობაში შედიოდა ისეთი ცვლილებები, რომელიც არ წაადგებოდა სასამართლოს და მოსამართლის დამოუკიდებლობას, სასამართლო კორპუსის მხრიდან აჟიოტაჟი მოყვა. მიგვაჩნია, რომ ბევრი კარგი ნაბიჯი გადაიდგა, ბევრია გადასადგმელი, თუმცა რომ ვთქვათ, რომ საქართველოში არის ისეთივე დამოუკიდებელი სასამართლო როგორც ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, ასე არ არის, მაგრამ არის უფრო დამოუკიდებელი, ვიდრე რამდენიმე წლის წინ", - განაცხადა მურუსიძემ.