ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, გადაწყვეტილების წინასწარ მოდელირება არასპეციალისტისთვის არათუ მისასალმებელი, არამედ ნონსენსია.
კითხვაზე, ელოდა თუ არა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მოსამართლის ასეთ გადაწყვეტილებას, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ის არ არის იურისტი, არც საქმეშია ჩახედული, ამიტომ, ნებისმიერ გადაწყვეტილებას ელოდა, რომელსაც მოსამართლე მიიღებდა.
„გადაწყვეტილების წინასწარ მოდელირება არა სპეციალისტის, არა იურისტის მიერ, არამცთუ მისასალმებელი, არამედ ნონსენსია. რანაირად უნდა განვჭვიტოთ წინასწარ, თუ არ ვართ ჩახედული კონკრეტულ საქმეში. მე ველოდი ნებისმიერ გადაწყვეტილებას, იმას, რასაც მიიღებდა მოსამართლე და ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლემ მიიღო“, - განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მოსამართლემ ქიბარ ხალვაშის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხილვაშის სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა, ტელეკომპანიის წილების დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა. სასამართლომ ქიბარ ხალვაშას 60%, მის კომპანია "პანორმას" კი 40 პროცენტი მიაკუთვნა. ქიბარ ხალვაშის სახელზე წილების გადაფორმება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ მოხდება.