დეპუტატი ნუგზარ წიკლაური ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება

დეპუტატი ნუგზარ წიკლაური ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური, უკრაინულ ვებ-გვერზე მისი და მიხეილ სააკაშვილის ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების თაობაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იკითხება.

როგორც დაკითხვაზე შესვლის წინ ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, ის ადასტურებს არამხოლოდ იმ სიტყვებს, რომლებსაც ჩანაწერში ამბობდა, არამედ, აცხადებს, რომ იყო ხალხის მობილიზაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

„როგორც ვიცი, 315-ე მუხლით არის საქმე აღძრული. წინასწარ მინდა ვთქვა, რომ ვადასტურებ არა მხოლოდ იმ სიტყვებს, რომელსაც სხვადასხვა ჩანაწერში ვამბობდი, არამედ, მე ვიყავი ერთ-ერთი ორგანიზატორი ხალხის მობილიზაციის, იმის, რომ ბევრი ადამიანი ყოფილიყო „რუსთავი 2“-ის შენობაში. მიმაჩნია, რომ საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა დაიცვას სიტყვის თავისუფლება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელით იმის გაკეთება, რომ ერთმა რუსმა ოლიგარქმა ვერ ჩაიგდო ხელში საქართველოში ყველაზე კრიტიკული აზრის მატარებელი ტელევიზია. რაც შეეხება ამ გამოძიებას, ეს ცხადია, რომ ემსახურება მოწინააღმდეგის პოლიტიკურ დემორალიზაციას, რაც არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. მიხეილ სააკაშვილთან მქონდა რამდენიმე ათეული საუბარი, რომელიც შეეხებოდა სხვა საქმეებსაც“, - განაცხადა წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულ ვებ-გვერდზე მორიგი აუდიო ჩანაწერი გავრცელდა, სადაც მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბარში, ნუგზარ წიკლაური და გივი თარგამაძე ფიგურირებენ.