ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, პრაგმატულ დიალოგზე დაფუძნებული პოლიტიკა აწარმოოს

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, პრაგმატულ დიალოგზე დაფუძნებული პოლიტიკა აწარმოოს

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიზნით პრაგმატულ დიალოგზე დაფუძნებული პოლიტიკა აწარმოოს, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა, პოლიტიკურმა მრჩეველმა მარტა ფრიმენმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი შეხვედრის მეორე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამ კონტექსტში ფრიმენმა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების მნიშვნელობაც აღნიშნა, თუმცა განაცხადა, რომ ეს პირდაპირ არ არის დაკავშირებული კონფლიქტის მოგვარებასთან. ფრიმენმა ასევე ისაუბრა ჟენევის დისკუსიების შესახებ და იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს.

"ჟენევის საერთაშორისი დისკუსიების კლიმატი და ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკა გამოწვევების წინაშე დგას მთელი რიგი საკითხების გამო, რეგიონული სირთულეების გამო  -  რუსეთის მიერ ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებებით აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან; პროვოკაციული ნაბიჯები ე.წ. საზღვართან, დემარკაციის ჩათვლით. უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია სტაბილური რჩება, მაგრამ მყიფე და რეაგირების მექანიზმებს საჭიროებს. გამოწვევების მიუხედავად, ჟენევის დისკუსიები თავისთავად სტაბილურად მიმდინარეობს, მზაობაა ღია დისკუსიების რთულ საკითხებზე, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად განსხვავებული მოსაზრებები და ხისტი კამათია ხოლმე", - განაცხადა მარტა ფრიმენმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი კვლავ განაგრძობს ნდობის შექმნაზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელებას უფრო მეტად აფხაზეთში, ვინაიდან ცხინვალის რეგიონში ამის ხელმისაწვდომობა გაცილებით შეზღუდულია.