"რუსთავი 2"-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში შესაძლოა, ქიბარ ხალვაშის მხარემაც გაასაჩივროს.
როგორც ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ გუშინდელი სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, მოსამართლემ მათი შვიდი მოთხოვნიდან მხოლოდ ორი დააკმაყოფილა.
"მოგეხსენებათ, ჩვენი სარჩელი სრულად არ დაკმაყოფილდა. მას შემდეგ, რაც გავეცნობით დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, გადავწყვეტთ, ჩვენც ხომ არ გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში, იმ ნაწილში, რომელიც არ დაკმაყოფილდა. რაც შეეხება პროცედურებს სააპელაციო სასამართლოში, ის გაცილებით შემოკლებულია", - აღნიშნა სალიამ.
მისივე თქმით, წილების ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია "პანორამაზე" აღრიცხვის გადაწყვეტილება ძალაში მხოლოდ სასამართლოს სამი ინსტანციის გადაწყვეტილების შემდეგ შევა.
"მოგეხსენებათ, სასამართლოს სამი ინსტანციაა საქართველოში. მოწინააღმდეგე მხარე, დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, შემდგომ არის ზემდგომი უზენაესი სასამართლო და როდესაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გამოვა, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, ქიბარ ხალვაშის და შპს "პანორამას" სახელზე აღირიცხოს ეს წილები უკვე საჯარო რეესტრში", - განაცხადა სალიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხილვაშის სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა, ტელეკომპანიის წილების დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა. სასამართლომ ქიბარ ხალვაშას წილები 60 პროცენტი, მის კომპანია "პანორმას" კი 40 პროცენტი მიეკუთვნა.