თუ ივანიშვილი ყველაზე დიდ ქართულ ტელევიზიაში ფიზიკურად შესვლასაც შეძლებს, ეს იმ გეგმის გამარჯვებას ნიშნავს, რომელიც პუტინმა ვერ განახორციელა 2008 წელს სამხედრო გზით, - ასე გამოეხმაურა "ფეისბუქის" მეშვეობით ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს მიხეილ სააკაშვილი.
უკრაინის გუბერნატორისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში მიმდინარეობს პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დამოუკიდებელი ტელევიზიის რეიდერული დაპყრობა.
"საქართველოში მიმდინარეობს პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დამოუკიდებელი ტელევიზიის რეიდერული დაპყრობა, რაც ხორციელდება რუსი ოლიგარქის მიერ შანტაჟის, უკანონო სპეცოპერაციებისა და სასამართლოთი მანიპულირების გზით. თუ ივანიშვილი ყველაზე დიდ ქართულ ტელევიზიაში ფიზიკურად შესვლასაც შეძლებს, ეს იმ გეგმის გამარჯვებას ნიშნავს, რომელიც პუტინმა ვერ განახორციელა 2008 წელს სამხედრო გზით, ბოლო მოუღოს ქართულ დემოკრატიას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა უკრაინისთვისაც - ოლიგარქებმა, და განსაკუთრებით იმ ოლიგარქებმა, რომლებიც წარსულში მოსკოვთან იყვნენ დაკავშირებულნი, არ უნდა ჩაიგდონ ხელში მართვის ყველა ბერკეტი", - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.