საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის იანოშ ჰერმანის შეფასებით, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი პოლიტიკურ სპექტრში სრულ მხარდაჭერას პოულობს.
როგორც დიპლომატმა გუშინ პარლამენტში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომაზე განაცხადა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა აფილირების უპრეცედენტო დონეს აღწევს.
"ჩვენ ძალიან მძიმე დროში ვცხოვრობთ. დროში, რომელიც ძალიან რთულ გამოცდებს გვიწყობს. ამ მხრივ ევროპის კავშირიც არ არის გამონაკლისი, მასაც უწევს გაუმკლავდეს უპრეცედენტო სირთულეებს, ამ თვეებისა და წლების განმავლობაში, ჩვენი საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში. სირთულეების მიუხედავად, ევროკავშირი რჩება აბსოლუტურად ერთგული პარტნიორებისა და მეგობრების მიმართ. მიუხედავად ამჟამინდელი კომპლექსური პოლიტიკური კონტექსტისა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა აფილირების უპრეცედენტო დონეს აღწევს. ჩვენი ასოცირება წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეების ნების ასახვას. სწორედ ამიტომაა ეს პროცესი ძალიან წარმატებული. ევროატლანტიკური არჩევანი სრულ მხარდაჭერას პოულობს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში მთლიანად. ეს არის მიზანი, რომელიც ყველა პოლიტიკურ ძალას აერთიანებს", - განაცხადა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა.
იანოშ ჰერმანის შეფასებით, მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის ევროპასთან ასოცირების მიზნების გაცნობა და ამასთან დაკავშირებით სწორი კომუნიკაცია.
"ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას თავისი საფასურის გადახდა მოჰყვება, რამეთუ საჭირო ხდება ახალი მოთხოვნებისადმი ადაპტირება. ხანდახან საჭირო ხდება თავად მენტალობის შეცვლაც კი. აშკარაა, რომ ასოცირების ხელშეკრულება და DCFTA-I ტექნიკური საკითხების საზღვრებს სცილდება და ეს შეეხება მთლიანად საზოგადოების ტრანსფორმაციას, ქვეყნის აღჭურვას უფრო კონკურენტუნარიანი ეკონომიკით და საზოგადოების უფრო მეტ დემოკრატიზაციას, ისეთი საზოგადოების შენებას, სადაც კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილია. ჩვენ საქართველოს ამ გზაზე ვეხმარებით. ევროპის კავშირი დარჩება აღებული ვალდებულების ერთგული. ჩვენ თქვენს მთავრობასთან და ყველა პოლიტიკურ ძალასთან ხელიხელჩაკიდებული გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ასოცირების ხელშეკრულება გახდეს წარმატებული და საქართველოს მოსახლეობას დიდი სარგებელი მოუტანოს", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
როგორც ჰერმანმა განმარტა, ასოცირების ხელშეკრულების შედეგად უნდა გაიზარდოს ექსპორტის მოცულობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება და ქვეყანაში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდეს. მისივე თქმით, შემუშავებულია შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი და საქართველოსთვის გრანტების სახით 410 მლნ ევროა გამოყოფილი.
"საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამი სფერო: ეს არის იუსტიციის სექტორის რეფორმა, საჯარო ადმინისტრირების რეფორმა, სოფლის მეურნეობის რეფორმა და სოფლის განვითარება. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს შემავსებელი ღონისძიებები, რათა დავეხმაროთ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და ადამიანის უფლებების დაცვას. სამეზობლო საინვესტიციო საკრედიტო ხაზის საშუალებით, ჩვენ გამოვყოფთ თანხებს ენერგო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად", - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.