იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც წულუკიანმა გადაცემა "პირველი TV"-ს ეთერში, გადაცემა „რვიანში“ განაცხადა, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მესაკუთრეებს შორის დავის პოლიტიზირებას ხელოვნურად ახდენს.
„ხელისუფლება „რუსთავი 2“-ს პრობლემად არ აქცევს. შეიძლება, ზოგიერთი შეეცადოს, რომ ეს ხელისუფლების პრობლემად აქციოს, მაგრამ ეს უშედეგოდ დასრულდება. ეს გახლავთ, ნამდვილად, მესაკუთრეებს შორის დავა. მესაკუთრეებს შორის დავაში ყოველთვის იყო და არის გაუგებარი, რას აკეთებს ბატონი ნიკა გვარამია, რომელიც არც მესაკუთრეა და არც არასდროს ყოფილა, ის არის კომპანიის მენეჯერი და აქედან გამომდინარე, მეჩვენება, რომ ის მეტისმეტად ახდენს ამ დავის პოლიტიზირებას. რა თქმა უნდა, ისეთი მედიასაშუალების მესაკუთრეობაზე დავა, როგორიც „რუსთავი 2“-ა მთლად უყურადღებოდ და უკომენტაროდ ვერ ჩაივლის, მაგრამ ის აჟიოტაჟი, რასაც ეს ადამიანი ქმნის ამ დავის გარშემო, გაუგებარი იყო ჩემთვის, მაგრამ გარკვეულწილად გასაგები გახდა მას შემდეგ, რაც მან თავად დაადასტურა იმ საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა, რომელიც უკრნაინაში გავრცელდა. როგორც ჩანს, ვიღაცას, ამ შემთხვევაში ბატონ გავარმიას, ჰქონდა დაგეგმილი ამ დავის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, რასაც მთავრობა არ დაუშვებს", - განაცხადა წულუკიანმა გადაცემა "რვიანში".
მისი თქმით, საქართველოში რევოლუცია არ მოხდება, რადგან ხელისუფლება ამას არ დაუშვებს.
"ამ ქვეყანაში ვერ იქნება რევულუციები, ეს მთავრობა რომ ძლიერია, ამას მოწმობს ის მუდმივი რყევები, რაც 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობს და შედეგი ვერ მოაქვს, ქვეყანა ვითარდება, პროგრესი სახეზეა. სირთულეები არის, მაგრამ ამის მიუხედავად, ქვეყანა წინ მიდის. მთავრობა არ ჩამოშლილა, ეკონომიკა არ ჩამოშლილა, სიდუხჭირე არის, მაგრამ როგორც წინასწარმეტყველებდა ზოგიერთი, რომ ქუჩაში ირბენდნენ ე.წ. კალაშნიკოვიანი ხალხი, კრიმინალი გაიზრდებოდა, ეკონომიკა კიდევ უფრო უარეს დღეში ჩავარდებოდა, ამგვარი საგანგაშო სიგნალები სახეზე არ არის. სტაბილურობის მორღვევას ეს მთავრობა არ დაუშვებს", - განაცხადა მინისტრმა.
იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ სასიხარულოა, როცა საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, სასამართლოს მიმდინარეობას ტელევიზიით ადევნოს თვალი, რაც მისი თქმით, ნიკა გვარამიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს წარმოდუგენელი იყო და ქვეყანაში ფარული მართლმსაჯულება ხორციელდებოდა.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მოსამართლემ ქიბარ ხალვაშის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხილვაშის სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა, ტელეკომპანიის წილების დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა. სასამართლომ ქიბარ ხალვაშას 60%, მის კომპანია "პანორმას" კი, 40 პროცენტი მიაკუთვნა. ქიბარ ხალვაშის სახელზე წილების გადაფორმება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ მოხდება.