თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შესული საჩივრების რაოდენობა შემცირდა.
როიგორც მინისტრმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შესული საჩივრების რიცხვი ხუთჯერ არის შემცირებული.
„სტრასბურგის სასამართლოში ხუთჯერ შევამცირეთ წელიწადში შესული საჩივრების რიცხვი. თუკი მანამდე სტრასბურგის სასამართლოში 500-დან 600-მდე ახალი საჩივარი შედიოდა ყოველ წელს, შარშან შევიდა მხოლოდ 102 ახალი საჩივარი. თუკი წინა წლებში ამ საჩივრებიდან თითქმის ყველა ეხებოდა წამებას, ციხეში არაადამიანურ მოპყრობას, ზოგიერთი მათგანი ეხებოდა ქუჩაში დაცხრილვას, სიცოცხლის უფლებას და ყველა მათგანი ეხებოდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ახლა შესული საჩივრებიდან არცერთი არ ეხება ციხეში წამებას, იმას, რომ სასამართლო იყო უსამართლო. სახეზეა, დაახლოებით, ისეთივე პრობლემები, როგორებიც აქვს გერმანიას, საფრანგეთს, რასაც, მე, როდესაც 10 წელი ვემსახურებოდი სტრასბურგის სასამართლოს, ვუწოდებდი ხოლმე დახვეწილ პრობლემებს. მინდა, შევეხო დახვეწილ პრობლემებს − დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები არის დახვეწილი პრობლემები. ეს ის პრობლემებია, რომელთა გადაჭრაც შეიძლება: მთავარია, ის პროცესი გაგრძელდეს, რომელიც 3 წლის წინ დაიწყო. გაისად, როდესაც მთავრობა ამ შემადგენლობით ამოვწურავთ ჩვენს მანდატს, დავტოვებთ ჩვენ უკან კარგ მემკვიდრეობას, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს, ძლიერ ინსტიტუტებს, დეპოლიტიზებულ საპროკურორო ორგანოებს, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს, თავისუფალ მედიას, რა სფეროშიც დიდი და გიგანტური ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ შევძლებთ, რომ მომავალი შემადგენლობის მთავრობას დავუტოვოთ ასჯერ უკეთესი მემკვიდრეობა, რომელზეც ისინი შენებას გააგრძელებენ. ამ ქვეყანაში რევოლუცია და დესტაბილიზაცია აღარ იქნება. არჩევნების გზით ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ მოვიდეს ხელისუფლებაში.
თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები არის ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი მიღწევა, რომლის კიდევ ერთ ტესტს გაისად წარმატებით ჩავაბარებთ. გაისად, ვინც უნდა მოვიდეს მთავრობაში, მხოლოდ ევროპული მთავრობა იქნება, რადგან ევროპული გზა ქართველი ხალხის არჩევანია. წარსულის ძირითადი პრობლემები მოგვარებულია. ჩვენ ჩვენს უკან ძლიერ ინსტიტუტებს დავტოვებთ“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის პირველ სხდომას უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე საჯად კარიმი ხელმძღვანელობდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი; აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, ევროპული მისიების წარმომადგენლები.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. მან საქართველოში დემოკრატიის განვითარების, კანონის უზენაესობის, იუსტიციის რეფორმის, ადამიანის უფლებების დაცვის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე ისაუბრა.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა ხვალაც გაგრძელდება. მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში მარტა ფრიმენი და მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი კესტუკის ჟანკაუსკასი. სხდომის ბოლოს იგეგმება დასკვნითი განცხადებისა და რეკომენდაციების მიღება.