მოსამართლე ურთმელიძემ კეთილსინდისიერი მყიდველის ცნება ჩამოანგრია, - ასე აფასებს დეპუტატი გიორგი ვაშაძე ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის "რუსთავი2"-ის წილების დაბრუნების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
ვაშაძის განცხადებით, ურთმელიძის გადაწყვეტილებაში მოულოდნელი არაფერი იყო, რადგან ის "ქართული ოცნების" მიერ არის მართული.
"რუსთავი2"-ის დღევანდელი მესაკუთრე ქიბარ ხალვაშთან არაფერ შუაშია. მან ქონება სხვას მიჰყიდა. ამ გადაწყვეტილებით ურთმელიძემ კეთილსინდისიერი მყიდველის ცნება ჩამოანგრია. მტკიცებულება რაღაც ორფურცლიანი ქსეროასლი იყო. აღსრულებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება რომ არა, ჩვენ მყისიერად მეორე გადაწყვეტილებას ვნახავდით, რომელიც დაუყოვნებლივი აღსრულებისკენ იქნებოდა მიქცეული. ჯერჯერობით თავისუფლად საუბრის უფლება გვაქვს და არის "რუსთავი2", რომელიც თავისუფალი სიტყვის გარანტი იქნება. ეს არ არის დამთავრებული ბრძოლა. შემდეგი ინსტანციები არსებობს და შემდეგ არის სტრასბურგის სასამართლო - ყველაფერი წინ არის და თავისუფალი მედია გაიმარჯვებს", - აცხადებს ვაშაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის წილების 60% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, 40% კი მის საკუთრებაში არსებულ შპს "პანორამას" დაუბრუნდა.