"ნუ მისცემთ მოსამართლე ურთმელიძეს შესაძლებლობას, რომ სასამართლოს რეპუტაცია დაასამაროთ"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლო, ერთადერთი საშუალება დარჩა სასამარლოს რეპუტაციის გადარჩენისათვის.

გვარამიას თქმით, "რუსთავი 2"-ის საქმის დატოვებას ასე არ აპირებს და მას აუცილებალდ გაასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოში.

"რა თქმა უნდა, მივმართავთ ყველა გზას. ძალიან დიდი იმედი მაქვს და მივმართავ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, არ მოხდეს იგივეს განმეორება სააპელაციო სასამართლოში, რამდენადაც ეს კიდევ უფრო დაძაბავს საზოგადოებაში შექმნილ უმძიმეს ვითარებას. საბოლოოდ დაასამარებს სასამართლო სისტემას, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, საკუთარი თავი გადაირჩინოს და ეს სააპელაციო სასამართლოს ხელით გააკეთოს. ნუ მიიღებენ უკანონო გადაწყვეტილებებს, ნუ მოხვდებიან კოლეგიაში ის ადამიანები, რომლებიც ანგაჟირებულები არიან წინასწარ და კორუფციულ გარიგებაში იმყოფებიან ხელისუფლებასთან, რადგან ეს, როგორც ურთმელიძის შემთხვევაში, გამოაშკარავებული იქნება "რუსთავი 2"-ის მიერ და რა თქმა უნდა, იხილავს დღის სინათლეს. ნუ გაიხდით თავს დასაცინად. ნუ აიგდებთ თავს აბუჩად. მიჰყევით თქვენს შინაგან რწმენას და პროფესიონალიზმს. ნუ მისცემთ მოსამართლე ურთმელიძეს შესაძლებლობას, რომ საქართველოში წლებით ნაშენი სასამართლოს რეპუტაცია დაასამაროთ ახლა უკვე თქვენ. ურთმელიძე გახდა ზედსართავი სახელი. ის აღნიშნავს დედის უარყოფას, ყველაფერ ცუდს, რაც კი არსებობს. ასეთი ზოაგდი სახელი გახდა. "ურთმელიძე ხომ არა ხარ"-ასეთი მიმართვები გავრცელდა საზოგადოებაში. მინდა მივმართო მოსამართლეებს, ნუ ჩააყენებენ საკუთარ გვარებს მოსამართლე ურთმელიძის მდგომარეობაში", - განაცხადა გვარამიამ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას.