პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დაუშვებელია მედიასაშუალებების პოლიტიზება.
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან "რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, ხელისუფლებისთვის მთავარია, ჟურნალისტები იყვნენ დაცული და ვინ იქნება ტელეკომპანიის რეალური მფლობელი, ამას ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
"საქმის დეტალებს, რა თქმა უნდა, არ ვიცნობ. ვიცი, რომ თვეებია გრძელდება დავა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით. ვიცი, რომ წლების განმავლობაში 20-ჯერ შეიცვალა ტელეკომპანიის მფლობელი. ჩემთვის მართლაც არის საინტერესო, ვინ იქნება რეალური მფლობელი "რუსთავი 2"-ის. მთავარია, ჟურნალისტები იყოთ დაცული. ამას ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვაცხადებთ, რომ იქნებით დაცული. მეორე, ჩემთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ის, რომ მედია იყოს აბსოლუტგურად დაცული საქართველოში, რომ ვერავინ შეძლოს მისი შეზღუდვა. მესამე, კიდევ გავიმეორებ იმას, რაც აქამდე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის დავა ორ კერძო სუბიექტს შორის. ჩვენი ჩართულობა ამ დავააში აბსოლუტურად გამორიცხულია. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიულ ღირებულებებს ვახორციელებთ, ყველა უნდა დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. მთავრობას არ გვაქვს უფლება, მოგვწონს, თუ არ მოგვწონს სასამართლოს გადაწყვეტილება, რაიმე კომენტარი გამოვთქვათ. ჩვენ, როგორც კანომორჩილი მოქალაქეები, ვალდებულები ვართ, სასამართლო გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მხარეებს უფლება აქვთ, რომ გაასაჩივრონ, ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს მოხდეს ისე როგორც იქ წერია გადაწყვეტილებაში, რომ სამივე ინსტანცია უნდა გაიაროს და ამის შემდეგ აღსრულდეს. ასე რომ, ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი. მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ არ არის ამ ყველაფრის ზედმეტი დრამატიზება საჭირო და პოლიტიზება. "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს მინდა მოგმართოთ, რომ ხართ ძალიან პროფესიონალები, ღიად მინდა დავაფიქსირო თქვენდამი პატივისცემა. თქვენ, მართლაც გამორჩეულად, ისევე როგორც სხვები, აშუქებთ მოვლენებს, მაგრამ დაუშვებელია მედიასაშუალების პოლიტიზება და ყველა პოლიტიკოსმა უნდა იზრუნოს ამაზე და ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ თქვენი პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ ეს უნდა იყოს თქვენი პირადი სიმპათიები. ვერ დაგაძალებთ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იყოთ, მაგრამ თქვენ უნდა გააკეთოთ თქვენი საქმე ისე როგორც აკეთებთ", - განაცხადა ღარიაბშვილმა.