მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშის და

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშის და "პანორამას" 7 მოთხოვნიდან მხოლოდ 2 დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე, ძირითადი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელი ნაწილობრივ დაეკმაყოფილებინა. მოსამართლემ ბიზნესმენის მთავარი მოთხოვნა, ბათილად ყოფილიყო ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულება და იძულებით ჩამორთმეული წილები მას დაბრუნებოდა, დააკმაყოფილა.

"არ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ლოგოს საავტორო უფლებების შესახებ. არ დაკმაყოფილდეს ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა სატელევიზიო გადაცემების "ბოიარდის ციხესიმაგრის", "უკანასკნელი გმირის" და "ჯეობარის" ნაწილობრივ ავტორობის შესახებ. არ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ლოგოს უნებართვოდ გამოყენების შედეგად ზარალის, 200 ათასი დოლარის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიმართ ზიანის, 300 ათასი დოლარის დაკისრების შესახებ, ბათილად იქნეს ცნობილი ქიბარ ხალვაშსა და "საქცემენტს" შორის 2005 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის მისი კუთვნილი 60% წილიდან 22% გაუფორმა "საქცემენტს". ბათილად იქნას ცნობილი ქიბარ ხალვაშსა და "გეოტრანსს" შორის 2006 წლის 17 ნოემბერს ნასყიდობის ხელშეკრულება, როდესაც ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის 38%-იანი წილი გადაუფორმა "გეოტრანსს". ბათილად იქნას ცნობილი შპს "პანორამასა" და "გეოტრანსს" შორის 2006 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც განხორციელდა "რუსთავი 2"-ის 40%-ის გადაფორმება "გეოტრანსზე". გაუქმდეს "რუსთავი 2"-ის პარტნიორების ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 18%-ის, ტელეკომპანია "საქართველოს" 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 60% წილების მფლობელად ცნობილი იქნას ქიბარ ხალვაში და 40%-ის შპს "პანორამა", - აღნიშნა მოსამართლემ.