ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ადვოკატ ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში გაფორმდა ბიძინა ივანიშვილის ბნელი, ევრაზიული ტიპის დიქტატურა.
ადვოკატის განცხადებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძე აუცილებლად აგებს პასუხს იმისთვის, რაც დღეს გააკეთა.
"მოხდა ის, რასაც ველოდით - დღეს საქართველოში გაფორმდა ბიძინა ივანიშვილის ბნელი, ევრაზიული ტიპის დიქტატურა. გაფორმდა დიქტატურა, რომელსაც საფუძვლად უდევს უკანონობა, უსამართლობა. ეს არის ძალადობა ურთმელიძის ხელით და ის მოსამართლე არ არის. ის აუცილებლად აგებს პასუხს იმისთვის, რაც დღეს გააკეთა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. გამოაშკარავდება ერთხელაც ის კომუნიკაცია, რაც მასა და ხელისუფლებას შორის იყო, ამ შედეგის დადგომისთვის. დღეს ის მოხდა, რასაც ვწინასწარმეტყველებდით. ის ხუთი მოთხოვნა, თვალთმაქცურად დაყენებული მოთხოვნები, რა თქმა უნდა არ დააკმაყოფილა სასამართლომ, ვინაიდან ამის არანაირი ინტერესი არ არსებობდა მხარის მიერ. დღევანდელი მესაკუთრეები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ხალვაშთან, ამოიშალნენ რეესტრიდან, და ქიბარ ხალვაშის გაფორმება მოხდა როგორც მოსაკუთრისა. ცხადია, ჩვენ ამ სასამართლო გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. გამოვიყენებთ ყველა პროცედურულ ნორმას, რომ ეს დიქტატურა, ეს სიბნელე დავამარცხოთ და მინდა კიდევ ერთხელ დავუდასტურო ყველას, რომ პირველ რიგში შევპირდე ამ მოსამართლეს, რომელმაც უკანონობა ჩაიდინა, რომ ის პასუხს აგებს. ხოლო ამ ქვეყნის ყველა კეთილსინდისიერმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს", - აღნიშნა ბიბილაშვილმა.
ამასთან ადვოკატი აღნიშნავს, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილების მიუხედავად, ქიბარ ხალვაში ჯერ კიდევ არ ითვლება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელად, რადგან საქმემ სამივე ინსტანცია უნდა გაიაროს, რათა გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდეს.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ბიზნესმენის ქიბარ ხალვაშის შვიდი სასარჩელო მოთხოვნიდან ორი დააკმაყოფილა.