თბილისის საქალაქო სასამართლოში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.
როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე ძირითადი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბიზნესმენის ქიბარ ხალვაშის სარჩელი ნაწილობრივ დაეკმაყოფილებინა.
ქიბარ ხალვაშს სასამართლოში შვიდი სასარჩელო მოთხოვნა ჰქონდა წარდგენილი, აქედან ოთხი საავტორო უფლებებს ეხებოდა. ქიბარ ხალვაში ითხოვდა "რუსთავი 2"-ის ლოგოსა და სამი საერთაშორისო პროექტის ავტორად აღიარებას, ასევე ლოგოსა და გადაცემების უკანონო გამოყენებისთვის ზიანის ანაზღაურებას. ხალვაში ასევე ითხოვდა სადაო ხელშეკრულებების გაუქმებას, ასევე ამ წლების განმავლობაში მიუღებელი შემოსავლების ანაზღაურებს, რომელიც მისი ინფორმაციით, 13 მილიონზე მეტია და იძულებით ჩამორთმეული წილების დაბრუნებას.