კაიროში სპეციალისტებმა რუსული სამგზავრო თვითმფრინავის შავი ყუთების გაშიფვრა დაიწყეს. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. უწყების ცნობით, ექსპერტიზა სამინისტროს შენობაში მიმდინარეობს.
სააგენტო "რია ნოვოსტი" იტყობინება, რომ კაიროში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი ჩავიდა.
წინასწარი ვერსიით, А321-ის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ავიაკომპანია "კოგალიმავია" ამტკიცებს, რომ ავიაკატასტროფა გარე ზემოქმედებამ გამოიწვია. ამერიკული ანალიტიკური საააგენტო "სტრატფორი" კი არ გამორიცხავს, რომ ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზი ბორტზე მომხდარი აფეთქება იყო.
რუსეთის ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა შაბათს მოხდა. შარმ ელ-შეიხიდან სანქტ პეტერბუგში მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი "Airbus A 321" სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა.