ქიბარ ხალვაშის ადვოკატი:   იმედი მაქვს, სასამართლო ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი: იმედი მაქვს, სასამართლო ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ელოდება, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე მის სარჩელს დააკმაყოფილებს. როგორც პაატა სალიამ საქმის განხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა, საკმაოდ დაძაბული და მომქანცველი იყო მოსარჩელე მხარისთვის სასამართლო განხილვები.

"ჩვენი მოლოდინი და სურვილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს, თუმცა პროგნოზებს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სასამართლო ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს", - განაცხადა პაატა სალიამ.

რაც შეეხება მოპასუხე მხარის განცხადებას, რომ მოულოდნელი იყო მოსამართლის მხრიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილების დღეს გამოცხადება, რომელიც 17:30 საათზე მოხდება, პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ვინაიდან საქმე რამდენჯერმე გადაიდო, მოსამართლეს ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა საქმის მასალებს.

"სასამართლომ ალბათ ჩათვალა, რომ საკმარისი იყო ეს დრო. მხარეებს საპაექრო ეტაპზე ახალი სამართლებრივი პოზიციები არ წარმოუდგენიათ", - განაცხადა პაატა სალიამ.

მოსამართლის შემაჯამებელი გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის საქმეზე ქიბარ ხალვაშის სარჩელთან დაკავშირებით, დღეს, 17:30 საათზე გამოცხადდება. ქიბარ ხალვაშს სასამართლოში შვიდი სასარჩელო მოთხოვნა აქვს წარდგენილი, აქედან ოთხი საავტორო უფლებებს ეხება. ქიბარ ხალვაში ითხოვს "რუსთავი 2"-ის ლოგოსა და სამი საერთაშორისო პროექტის ავტორად აღიარებას, ასევე ლოგოსა და გადაცემების უკანონო გამოყენებისთვის ზიანის ანაზღაურებას. ხალვაში ასევე ითხოვს სადაო ხელშეკრულებების გაუქმებას, ასევე ამ წლების განმავლობაში მიუღებელი შემოსავლების ანაზღაურებს, რომელიც მისი ინფორმაციით, 13 მილიონზე მეტია და იძულებით ჩამორთმეული წილების დაბრუნებას.