პრეზიდენტი მიიღებს იმავე გადაწყვეტილებას, რასაც მიიღებდა ანალოგიურ შემთხვევებში სხვა მოქალაქეების მიმართ, ანუ შეუწყვეტს სააკაშვილს მოქალაქეობას

პრეზიდენტი მიიღებს იმავე გადაწყვეტილებას, რასაც მიიღებდა ანალოგიურ შემთხვევებში სხვა მოქალაქეების მიმართ, ანუ შეუწყვეტს სააკაშვილს მოქალაქეობას

საქართველოს პრეზიდენტი მისი წინამორბედისთვის, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დასკვნა საქართველოს  პრეზიდენტისთვის ჯერ არ გადაუგზავნია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა, დასკვნა პრეზიდენტს ჯერ არ გადაგზავნია.

"საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეობის შესახებ დაუშვებლად მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქე იმავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქე იყოს. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ერთ-ერთი საფუძველია შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს. იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან საქართველოს პრეზიდენტს ყოველთვიურად ასეულობით დასკვნა წარედგინება ამგვარი საფუძვლით პირისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე. ჯერჯერობით, დღევანდელი მდგომარეობით იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სამსახურის არ მოუმართავს პრეზიდენტისთვის ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით. როდესაც იუსრტიციის სამინისტრო მოგვმართავს, მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი მიიღებს იმავე გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც მიიღება ანალოგიურ შემთხვევებში სხვა მოქალაქეების მიმართ, ანუ შეუწყვეტს სააკაშვილს მოქალაქეობას", - განაცხადა კვერენჩხილაძემ და დასძინა, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არც ყოფილი პრეზიდენტის, არც სხვა არავის შემთხვევაში არ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 30 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო" მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმის წარმოებას იწყებს და აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობება დაინტერესებულ პირს უკრაინაში, რომელსაც მიეცემა გონივრული ვადა საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად, შემდგომ კი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნა სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გამოუგზავნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 22 ოქტომბრით დათარიღებული ნოტა, რომლის მიხედვითაც, "მიხეილ სააკაშვილი მიღებულ იქნა უკრაინის მოქალაქედ 2015 წლის 29 მაისს უკრაინის პრეზიდენტის #301/2015 ბრძანებულებით, რომელიც დღესაც ძალაშია". ექს-პრეზიდენტისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველს სწორედ მის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღება წარმოადგენს.