ეროვნული ბანკის პრედიზენტ გიორგი ქადაგიძის განცხადებით, განახლებული ბანკნოტები 2016 წლიდან გამოვა და მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად.
როგორც სასტუმრო „რუმს თბილისში“ გამართულ პრეზენტაციაზე ქადაგიძემ განაცხადა, განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები ეტაპობრივად გამოვა.
„ეს არის ლარის 20-წლიანი ისტორიის მანძილზე ბანკნოტების დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლება. ეს პროექტი აერთიანებს ფულის ნიშნების წარმოებასთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს, მოვლენას და ფაქტორს. პირველი - როგორც მოგეხსენებათ, 2015 წელი ეროვნული ვალუტის საიუბილეო თარიღია. ეს იყო ახალი ეპოქა ფულის ისტორიაში. შესაბამისად, სიმბოლურად, დიზაინის მნიშვნელოვანი განახლებაც ამ თარიღს დავამთხვიეთ. მეორე - მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკი პერიოდულად ავსებს ფულის ნიშნის მარაგებს, რითაც ანაცვლებს მიმოქცევაში არსებულ უკვე გაცვეთილ და დაზიანებულ ფულის ნიშნებს ახალი ბანკნოტებით. მოცემული პერიოდისთვის, ეროვნულ ბანკს მარაგების შევსება უწევდა. შესაბამისად, ეს იყო საუკეთესო დრო, ვინაიდან პროცესი არ მოითხოვდა დამატებით ფინანსურ რესურსს. მესამე - ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და ტექნოლოგიური პროგრესი - თავის დროზე, ლარის ბანკნოტები საკმაოდ მაღალი სტანდარტების შესაბამისი იყო და პასუხობდა საერთაშორისო მოთხოვნებს. წლების განმავლობაში მნიშნელოვნად დაიხვეწა ბეჭდვის პროცესი, შეიქმნა ძლიერი დამცავი ნიშნები. ახალი ტენდენციებია დიზაინის კუთხითაც. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, გვქონოდა განახლებული დიზაინის ფულის ნიშანი, რომელიც თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიო ვალუტებს შორის“, - განაცხადა ქადაგიძემ.
მისი თქმით, განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან, კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.
„ლარის განსხვავებულ ბანკნოტებს ახასიათებს მკვეთრად გამორჩეული ფერების სპექტრი, რომელიც ჰარმონიულად არის შეხამებული ძირითადი სიუჟეტების დომინანტურ და კონტრასტულ ფერებთან. განახლდა ლარის ბანკნოტის ზომებიც. გამოყენებულია ნომინალების მიხედვით ბანკნოტების ზომების დიაგონალური სიმეტრიული ზრდის პრინციპი. ლარის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისთვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის, დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი, სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის. ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომელიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგომარეობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისგან“, - განაცხადა ქადაგიძემ.
ცნობისთვის, განახლებული 20, 50 და 100 ლარის ბანკნოტების ავტორი ბაჩანა მალაზონიაა.