სიცრუეა, თითქოს ზვიად ჯანყარაშვილი წყალმომარაგების კომპანიაში დანაშაულებრივ სქემას მფარველობდა

სიცრუეა, თითქოს ზვიად ჯანყარაშვილი წყალმომარაგების კომპანიაში დანაშაულებრივ სქემას მფარველობდა

რა თქმა უნდა, ჩემი მეგობარია ზვიად ჯანყარაშვილი, მაგრამ ეს რა შუაშია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" წყალმომარაგების კომპანიის ყოფილმა დირექტორმა, არჩილ ცაბუტაშვილმა განუცხადა, რომელსაც წყალმომარაგების კომპანიიდან 3 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმეზე ბრალდებული თამარ ფხოველიშვილი დანაშაულებრივი სქემის მონაწილეობაში ადანაშაულებს.

ცაბუტაშვილი ფხოველიშვილის ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს, თუმცა ადასტურებს, რომ ბავშვობაში ფხოველიშვილის მეგობარი იყო.

"ბავშვობაში ვმეგობრობდით, მერე წლებია არ მინახავს. რეკომენდაციით მოვიდა წყალმომარაგების კომპანიაში ჩემამდე. წარმოიდგენდით, რომ ოთხი შვილის დედა თაღლითი გამოდგებოდა? კაზინოში 700 000-მდე აქვს წაგებული ამ პერიოდში. დამტკიცებულია და ამოღებულია, რომ ის მოპარულ თანხებს ასე ხარჯავდა", - განაცხადა არჩილ ცაბუტაშვილმა.

ამასთან, იგი კატეგორიულად უარყოფს წყალმომარაგების კომპანიაში მისი ყოფილი მოადგილის, კახა სოლოღაშვილის დანაშაულებრივ სქემასთან კავშირს, რომელზეც ბრალდებულმა თამარ ფხოველიშვილმა გუშინ საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას ისაუბრა. ასევე, ცაბუტაშვილი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მან გაფლანგული 3 მილიონამდე ლარიდან 1 700 000 პირადად გადასცა ცაბუტაშვილს.

"ეს არის სისულელე. ოთხი შვილის დედა აღმოჩნდა თაღლითი. გამოძიება გაარკვევს ყველაფერს და უკვე გარკვეულიც ექნება ალბათ. ყველაფერს ნახავთ, ვინც დასასჯელია, ის დაისჯება აუცილებლად და თუ მე ვარ დასასჯელი, მეც დავისჯები. დღეს არავინ არავის არაფერს არ აპატიებს, მერწმუნეთ. ეგ არის თაღლითი, თაღლითური ჯგუფი იყო შექმნილი, ფულს იპარავდნენ და მალავდნენ", - განაცხადა არჩილ ცაბუტაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, სიცრუა ინფორმაციაც, თითქოს ზვიად ჯანყარაშვილი, რომელიც პრემიერის ნათესავია, დანაშაულებრივ სქემას მფარველობდა წყალმომარაგების კომპანიაში.

"კიდევ ერთხელ გეუბნებით, გამოძიება ყველაფერს დაადგენს", - განაცხადა არჩილ ცაბუტაშვილმა.