აშშ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მიმართავს

აშშ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მიმართავს

აშშ აზერბაიჯანში არსებული ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ელისაბეთ ტრიუდომ განაცხადა.

"ვწუხვართ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს არ მისცა უფლება დამკვირვებელთა საჭირო რაოდენობა გაეგზავნა, რის გამოც ორგანიზაციამ არჩევნების მონიტორინგი ვერ შეძლო", - განაცხადა ტრიუდომ.

მისი თქმით, ვაშინგტონი შეშფოთებულია აზერბაიჯანში "შემზღუდველი პოლიტიკური გარემოს" არსებობის გამო.

"მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, პატივის სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და დამოუკიდებელი აზრის თავისუფლებას, მათ შორის მედიასაც, რაც საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილია. ასევე მოვუწოდებთ იმუშავოს ეუთოსთან და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროსთან", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები კვირას ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ილჰამ ალიევის მმართველმა პარტიამ, "ახალმა აზერბაიჯანმა" გაიმარჯვა.