ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ უარყო "ისლამური სახელმწიფოს" განცხადება იმის შესახებ, რომ რუსული სამგზავრო თვითმფრინავი დაჯგუფების მებრძოლებმა ჩამოაგდეს. როგორც მან "ბიბისისთან" ინტერვიუში განაცხადა, დასკვნების გაკეთება ნაადრევია. ალ-სისიმ
"ისლამური სახელმწიფოს" განცხადებას პროპაგანდა უწოდა.
"გამოძიებაში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია. პროპაგანდისტული განცხადებები იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ჩამოაგდეს - რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციასა და ეგვიპტის იმიჯის შელახვისკენაა მიმართული. გარწმუნებთ, რომ ვითარება ქვეყნის ამ ნაწილში ჩვენი კონტროლის ქვეშაა", - განაცხადა ეგვიპტის ლიდერმა.
გავლენიანმა ანალიტიკურმა სააგენტო "სტრატფორმა" ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. სპეციალისტების მოსაზრებით, რუსული სამგზავრო ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზი ბორტზე მომხდარი აფეთქება იყო.
"სტრატფორმა" თვითმკვლელი ტერორისტის მონაწილეობის ვერსია არ გამორიცხა.