არასაპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, შუალედურმა არჩევნებმა ტოტალური გაყალბების ფონზე ჩაიარა

არასაპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, შუალედურმა არჩევნებმა ტოტალური გაყალბების ფონზე ჩაიარა

არასაპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, შუალედურმა არჩევნებმა ტოტალური გაყალბების ფონზე ჩაიარა. არასაპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო , პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ყველა (5-ვე) საარჩევნო ოლქში გამარჯვება მმართველმა პარტიამ მიიტაცა. 
"საქართველო კიდევ ერთხელ ჩადგა ყველაზე უფრო ავტორიტარული რეჟიმების რიგში, სადაც საარჩევნო ოლქების 100%-ს სახელისუფლებო გუნდი იგებს. ბრეჟნევის დროის "საუკეთესო" ტრადიციებში ერთ-ერთ (ვანის) საარჩევნო ოლქში მმართველმა პარტიამ ხმების 100% მიიღო. არჩევნებმა ჩაიარა ტოტალური გაყალბების ფონზე. ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა მეთოდი, რომლებსაც გასულ წლებში "მოქალაქეთა კავშირი" და შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების გასაყალბებლად მიმართავდნენ, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსების, შეიარაღებული ძალების, პოლიციის და სუს-ის მობილიზება და საარჩევნოდ გამოყენება, რაც დაგვირგვინდა დღის დასასრულს, როდესაც პირადად თავდაცვის მინისტრი აგროვებდა საუბნო კომისიების ოქმებს და აჯამებდა ხმებს. ტოტალურ გაყალბებას ადასტურებს ის ერთადერთი პარტიაც კი, რომელიც მონაწილეობდა არჩევნებში და ხელისუფლების მიმართ შედარებით კონსტრუქციული მიდგომებით გამოირჩევა – "პატრიოტთა ალიანსი". მიუხედავად იმისა, რომ ბოიკოტის საკითხზე არსებობდა განსხვავებული პოზიცია და დაპირისპირება, არასაპარლამენტო ოპოზიცია ბოლომდე იბძოლებს გაყალბებული არჩევნების შედეგების გასაბათილებლად და გამარჯვებული კანდიდატის ხმების დასაცავად", - ნათქვამია არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებაში.
ხელმომწერი პარტიები აცხადებენ, რომ შუალედურ არჩევნებში ხელისუფლებამ აჩვენა, თუ როგორ აპირებს "ქართული ოცნება" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. 
"ამ ვითარებაში გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს არასაპარლამენტო ოპოზიციის და საზოგადოების გაერთიანება ხელისუფლების წინააღმდეგ, რათა ეს უკანასკნელი იძულებული გახდეს გაატაროს საარჩევნო რეფორმა, გააუქმოს მაჟორიტარული სისტემა და 2016 წელს მშვიდობიანი გზით გადააბაროს ქვეყნის მართვის სადავეები დემოკრატიულ ძალებს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: "ახალი მემარჯვენეები", "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", "ევროპელი დემოკრატები", "თავისუფალი საქართველო", "თავისუფლება", "ლეიბორისტული პარტია", "პატრიოტთა ალიანსი", "რეფორმატორები", "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის" და "ქრისტიან-დემოკრატიული პარტია".