გიორგი კვირიკაშვილი - ყოველდღე მოწმეები ვართ მცოცავი ანექსიის

გიორგი კვირიკაშვილი - ყოველდღე მოწმეები ვართ მცოცავი ანექსიის

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ ძლიერია და ორივე მხარე სრულად აცნობიერებს ამ თანამშრომლობისა და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტრატეგიული ქარტიის პლენარუს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, და განსაკუთრებით აღნიშნა აშშ-ს ძალისხმევა არაღიარების პოლიტიკის გატარებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით დარეგულირების მხარდაჭერისათვის. 
"ყოველდღე ჩვენ ვართ მოწმეები მცოცავი ანექსიისა, რაც გამოიხატება ტერიტორიების მილიტარიზაციასა და ბორდერიზაციაში, ასევე, ე.წ. შეთანხმებების გაფორმებაში საოკუპაციო რეჟიმებთან, რაც საფრთხეს უქმნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რეგიონში. ამ კონტექსტში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო აშშ-ს მიერ არაღიარების პოლიტიკის გატარება და ასევე მისი ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ძალისხმევის მიმართ მშვიდობიანი გზით გადავჭრათ კონფლიქტი", - განაცხადა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანოს, რის საშუალებასაც, კვირიკაშვილის თქმით, სტრატეგიული ქარტიის ოთხივე მიმართულება იძლევა.
"მინდა განსაკურებული მადლობა გადავუხადო აშშ-ს ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის განხორციელების მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ პროგრესს ნატოში ინტეგრაციის გზაზე და ეფექტურად ვსარგებლობთ ინტეგრაციის ყველა არსებული მექანიზმით, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ჩათვლით. იმედი გვაქვს, რომ ნატო-ს სამიტი ვარშავაში სათანადოდ შეაფასებს ქვეყანაში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს. ჩვენ გადავდგამთ ახალ ნაბიჯებს ნატო-ში ინტეგრაციისკენ და ჩვენ იმედი გვაქვს აშშ-ს მთავრობის ძლიერი მხარდაჭერის ამ თვალსაზრისით", - აღნიშნა მინისტრმა. 
ამასთან, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა გაგარძელოს საკუთარი წვლილის შეტანა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. 
"მე მსურს კვლავ დავადასტურო საქართველოს ავღანეთში მიმდინარე ,,გადამწყვეტი მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობა. მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ს მთავრობას ჩვენი დაჭრილი ჯარისკაცების დახმარებისთვის", - აღნიშნა მინისტრმა.
გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა აშშ-ს განსაკუთრებულ როლს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესში და განმარტა, რომ ეფექტური რეფორმების განხორციელებით ჩვენ მივაღწიეთ კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას, ტრანსპარენტობასა და ეფექტურ მმართველობას, ასევე მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. 
"ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად," - განაცხადა კვირიკაშვილმა.